ეკატერინე ტიკარაძე - თითოეული ჩვენგანის ქცევაზე არის დამოკიდებული, როდის დასრულდება საქართველოში ეპიდემია
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ თითოეული ჩვენგანის ქცევაზე არის დამოკიდებული, როდის დასრულდება საქართველოში ეპიდემია.
მინისტრის თქმით, პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტიდან უკვე იანვრიდან იდება არაერთგვაროვანი სურათები.
„ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენ, არც ერთმა ქვეყანამ არ ვიცით ინფექციის თვისება, ეს არის ახალი ინფექცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის მოლოდინებს, მაგრამ მნიშვნელოვანი არის ერთი ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანის ქცევაზე არის დამოკიდებული ის, თუ როდის იქნება საქართველოში პანდემიისა და ეპიდემიის დასასრული.
მკაცრად უნდა დავიცავთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მოწოდებულია უკვე რამდენიმე თვეა. ჩვენ ყველას გვიწევს „კოვიდ“ ინფექციასთან ერთად ცხოვრება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემდეგ წლებშიც ჩვენ მოგვიწევს „კოვიდ“ ინფექციასთან თანაცხოვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული სოციალური დისტანცია; მოგვიწევს, რომ ვიაროთ ნიღბებით და დავიცვათ ყველა ის ჰიგიენური ღონისძიება, რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ. ყოველივე ამის ხარისხიანად განხორციელება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ, ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა მართონ ვირუსის გავრცელების როგორც სისწრაფე, ასევე ეპიდსიტუაცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.