ეკატერინე ტიკარაძე - ტესტების პასუხი შესაძლებელია, მივიღოთ უკვე საათნახევარში, რაც მოგვცემს საშუალებას, ნაკადები უფრო სწრაფად ვმართოთ
ამ ეტაპზე ჩვენ ჩამოვიტანეთ ის პირველი 1000 ტესტი, რომელსაც ველოდებოდით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, ამ ტესტების პასუხი შესაძლებელია, მივიღოთ ჩვენ უკვე საათნახევარში, რაც მოგვცემს საშუალებას, ნაკადები უფრო სწრაფად ვმართოთ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში განაცხადა, სადაც ტესტები ჩაიტანა.
მინისტრის თქმით, ტესტები ამ დროისთვის განკუთვნილია მხოლოდ მარნეულისთვის, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი რისკია.
„ამ ეტაპზე ჩვენ ის პირველი 1000 ტესტი ჩამოვიტანეთ, რომელსაც ველოდებოდით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან, რომელიც რეალურად დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის, ისევე როგორც ადგილზე მომუშავე ეპიდემიოლოგებისთვის, პაციენტებისთვის გააუმჯობესებს დროის ხანგრძლივობას. ამ ტესტების პასუხი შესაძლებელია მივიღოთ ჩვენ უკვე საათნახევარში, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ნაკადები ვმართოთ უფრო სწრაფად, რომ სწრაფად მივიღოთ და დავადგინოთ ის შედეგები, ჩავატაროთ ის კვლევა, რომელსაც ჩვენ დღეს ამ რეგიონში ვატარებთ, რათა თავიდან იქნას აცილებული ის ეპიდემიური აფეთქება, რომლის რისკიც არსებობს დღესდღეობით ამ რეგიონში. ჩვენ ადგილზე გავეცანით სიტუაციას იმისათვის, რომ, რა თქმა უნდა, ეს მდგომარეობა არის უჩვეულო როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის. გვინდა მაქსიმალურად დეტალურად პირველი ხაზიდან შევისწავლოთ, თუ რა ხარვეზები არის დაგეგმარებაში, რათა შემდეგ მათი გამოსწორება მოხდეს შემდგომი პრევენციისთვის და პროცესის გაუმჯობესებისთვის“,- აღნიშნა ტიკარაძემ.