ეკატერინე ტიკარაძე - შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინფექციის გამოვლენა შესაძლებელია მერვე დღეს, თუმცა სიზუსტისთვის, მე-12 დღეს ტესტირება საჭიროა
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინფექციის გამოვლენა შესაძლებელია მერვე დღეს, თუმცა სიზუსტისთვის, მე-12 დღეს ტესტირება საჭიროა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საკარანტინო ვადის შემცირების შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე.
მინისტრის თქმით, კარანტინის ვადის შეზღუდვა ინფექციის ფართომასშტაბიან გავრცელებას არ გამოიწვევს.
„ამ შემთხვევაში, მოქალაქე გადაგვყავს სტაციონარში და ექიმები იწყებენ მკურნალობას, იმ შემთხვევაში, თუ მას მსგავსი ესაჭიროება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია პაციენტის მკურნალობა საკარანტინო პირობებში, ასევე ექიმების მეთვალყურებობის ქვეშ, რა თქმა უნდა, მივიღებთ შესაბამის ღონისძიებებს. ამ გადაწყვეტილებაზე ჩვენ გვაქვს დაწყებული მუშაობა უკვე რამდენიმე კვირაა. ჯანდაცვის სამინისტრო იყო ინიციატორი რომ მსგავსი ცვლილება განგვეხორციელებინა. დღეს საბჭომ დამატებით განიხილა და გამომდინარე იქიდან, რომ არაერთმა ქვეყანამ მიმართა მსგავს ღონისძიებას და ითვლება, რომ ეს არის უსაფრთხო და უკვე კვლევებზე დაყრდნობილი ღონისძიებები, საბჭომ მოგვცა ამასთან დაკავშირებით თანხმობა, დღეს გავაგრძელებთ დადგენილებაში ცვლილების შეტანას და დადგენილებაში ცვლილების შეტანისთანავე ამოქმედდება ეს ღონისძიება. დღესდღეობით, ჩვენ გვაქვს კვლევები, როგორც ევროპული ქვეყნებიდან, ასევე საკუთარ გამცდილებაზე დაყრდნობით და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინფექციის გამოვლენა შესაძლებელია მერვე დღეს, თუმცა უფრო სიზუსტისთვის, გვესაჭიროება მე-12 დღეს ტესტირება“, – განაცხადა ტიკარაძემ.