ეკატერინე ტიკარაძე - საველე ჰოსპიტლებს მოვაწყობთ ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება
სადაც საჭიროება იქნება, ჩვენ ყველგან მოვაწყობთ საველე ჰოსპიტლებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრმა ამ საკითხზე უპასუხა კითხვას – ვინაიდან აპრილის ბოლოს არის ვირუსის გავრცელების პიკი მოსალოდნელი, ხომ არ განიხილება საველე ჰოსპიტლების მოწყობა და რა შემთხვევაში დადგება ამის საჭიროება.
მისი თქმით, საველე ჰოსპიტალი მოეწყო ყველგან, სადაც საჭირო იყო და მომავალშიც ასე იქნება.
„ყველა იმ რეგიონში, სადაც საჭიროება იყო საველე ჰოსპიტლის გაშლის, ჩვენ მოვახდინეთ მყისიერად ჰოსპიტლების გაშლა, რომლებიც მუშაობდა ცხელების კლინიკებად. მომავალში, სადაც ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ასევე მოვახდენთ საველე ჰოსპიტლების გაშლას. დეტალურად გვაქვს შესწავლილი ჰოსპიტალური განვითარების ქსელი და იმ მოცემულობიდან ვმოქმედებთ, რომელიც ჩამოყალიბებულია უკვე წლების განმავლობაში საქართველოში ჰოსპიტლების ქსელთან მიმართებაში“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, გამოყოფილია სუსტი წერტილები და ასეთი რეგიონი საქართველოში რამდენიმეა.
„ამ რეგიონების გაძლიერება მოხდება როგორც ადგილზე, ცხელების ცენტრებად საველე ჰოსპიტლის გაშლით, ასევე მოხდება პაციენტების გადაყვანა მეზობლად მდებარე რეგიონებში, სადაც გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა – როგორც საწოლ ფონდის მოცულობით, ასევე სასუნთქი აპარატებისა და სპეციალისტების მობილიზების თვალსაზრისით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.