ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში პიკი არ გვქონია, თუმცა მუდმივად ველოდებით, რომ შესაძლოა, გარკვეული პიკური მაჩვენებელი იყოს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი არ ყოფილა და ერთობლივი ღონისძიებებით ვირუსის გავრცელების მართვა შესაძლებელი გახდა.
თუმცა, მინისტრის განმარტებით, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში ინფიცირებულთა რიცხვი არ შეიძლება, გაიზარდოს.
„საქართველოში ჩვენ პიკი არ გვქონია, ჩვენ მივაღწიეთ ჩვენი ერთობლივი ღონისძიებებით იმას, რომ ვმართეთ ვირუსის გავრცელება და გვაქვს ის პლატო, რომელიც დღეს გვაქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სამომავლოდ ჩვენ შეიძლება, არ გაგვეზარდოს ინფიცირებულების რაოდენობა. ჩვენ მუდმივად ვართ მოლოდინში, რომ შეიძლება, დადგეს გარკვეული პიკური მაჩვენებელი“,- განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, ამ დროისთვის არის რესურსი იმის, რომ ყველა ინფიცირებულის სტაციონარში მკურნალობა მოხდეს.
„თუმცა ამ ეტაპისთვის არსებული მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ ყველა პაციენტი სტაციონარში. ის მობილიზაცია, რომელიც გვაქვს, საკარანტინო ზონებში განხორციელებული, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, თუმცა ამ ეტაპისთვის არ გამოიყენება“,- გაანცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ ისაუბრა მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ზომების მოხსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზეა დამოკიდებული.
„შემდგომი ორი კვირის მანძილზე ჩვენ კვლავაც დავაკვირდებით ინფექციის რეალურ დროში გავრცელების კოეფიციენტს და აქედან გამომდინარე მივიღებთ უკვე გადაწყვეტილებას, თუ რომელი სექტორი იქნება შემდეგი, რომელზეც განხორციელდება გახსნითი ღონისძიება. ამ ეტაპისთვის ეს კოეფიციენტი არის დამაკმაყოფილებელი მხოლოდ იმ ნაბიჯებისთვის, რომელი ნაბიჯებიც დღეს არის მთავრობის მხრიდან გადადგმული. კოეფიციენტის ცვლილების შედეგად მივიღებთ შემდგომ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.