ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს პიკი არ ჰქონია, ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების რეჟიმში რჩება, როგორც მთელი მსოფლიო
საქართველოს პიკი არ ჰქონია და ქვეყანა კოვიდინფექციის გავრცელების რეჟიმში რჩება, რაშიც მთელი მსოფლიო იმყოფება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო პროგრამა „მოამბეში“ განაცხადა.
„იმ პერიოდში, როდესაც ბევრად მეტი, დღეში 20-30 ადამიანის დაინფიცირება ხდებოდა, გვქონდა მოლოდინი, რომ ამ პერიოდის გავლის შემდეგ, მაისის დასაწყისში გვექნებოდა გამოჯანმრთელებულთა მეტი რაოდენობა, ვინაიდან წინა პერიოდში დაინფიცირებულთა მეტი რაოდენობა იყო და ეს ერთმანეთთან პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ეს ეპიდემიის გავრცელებასთან ნაკლებად არის დაკავშირებული და უფრო მეტად დაკავშირებულია იმ წინა პერიოდთან, რომლისგანაც დღევანდელი გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი გამომდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიძლება თუ არა, ჩაითვალოს, რომ ქვეყანამ პიკი გადალახა, რადგან ბოლო დღეების განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა ბევრად მაღალი იყო, ვიდრე ინფიცირების ახალი შემთხვევები.
შეკითხვაზე, ბოლნისის დღევანდელი შემთხვევებიდან გამომდინარე, იყო თუ არა ნაჩქარევი შეზღუდვების გარკვეული ნაწილის მოხსნა და მოსალოდნელია თუ არა უკვე გაუქმებული ზოგიერთი შეზღუდვის თავიდან ამოქმედება, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები ეპიდემიოლოგიურ კვლევაზე იყო დამყარებული და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებები სრულიად გამართლებული იყო, დღევანდელი მაჩვენებელი კი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და აქედან გამომდინარე, ერთგვაროვნად ვერ ვიმსჯელებთ, რომ დღევანდელი თხუთმეტი შემთხვევა შეიძლება, ძალიან სარისკოდ ჩაითვალოს.
„ეს უბრალოდ, კვლავ გვიჩვენებს, რომ ბოლნისის რაიონში ჯაჭვი გაწყვეტილი არ არის და ის უფრო მეტად ღრმა კვლევას საჭიროებს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული რეგიონი მინიმუმ, ორი კვირის განმავლობაში მაინც ითვლებოდეს კოვიდინფექციისგან თავისუფალ რეგიონად და თუ ბოლნისში შემდეგ დღეებში ათი და მეტი პაციენტის რაოდენობა დაფიქსირდა, ამ რეგიონში ღონისძიებები გამკაცრდება.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ რჩება ძალაში კომენდანტის საათი და ავტომობილში მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვა მაშინ, როდესაც იგივე სილამაზის სალონებს მიეცათ მუშაობის განახლების უფლება, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებს აქვთ მკაფიო გაიდლაინები და მათ სოციალური დისტანცირება უნდა მოახდინონ, ხოლო რაც შეეხება კომენდანტის საათს და ავტომობილში მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებულ შეზღუდვას, ამ ეტაპზე ამ შეზღუდვების მოხსნით წახალისდება ადამიანთა მეტი გადაადგილება და აქედან გამომდინარე, რისკიც მოიმატებს.