ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოს აქვს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში „კოვიდის“ მიმღებად რეგიონის ნებისმიერი საავადმყოფო გამოყოს
მნიშვნელოვანია, ინფექცია მაქსიმალურად შევაკავოთ, მიუხედავად ამისა, ამ ეტაპისთვის ოთხი ათასამდე საწოლია მობილიზებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ერთწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კითხვაზე, თუ როგორ მოემზადა ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს საშუალება, საჭიროების შემთხვევაში რეგიონის ნებისმიერი საავადმყოფო გამოყოს „კოვიდის“ მიმღებად, ასევე მოხდა საავადმყოფოების ტექნიკური გადაიარაღება.
„ჩვენთვის ისევ მნიშვნელოვანი რჩება, რომ ინფექცია მაქსიმალურად იქნეს შეკავებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ეტაპისთვის ოთხი ათასამდე საწოლია მობილიზებული. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთდროულად შეგვიძლია ვმართოთ ოთხი ათასამდე მოქალაქის საჭიროება. სისტემის გაძლიერებაში ჩვენ ვგულისხმობდით, რომ მნიშვნელოვანი იყო ჩატარებულიყო სისტემის სრული აუდიტი, რომელიც ჩვენ გვქონდა დაწყებული წინა წლის შემოდგომაზე და არ იყო სრულად დასრულებული, ეს გულისხმობდა იმას, რომ ჩვენ დეტალურად უნდა შეგვესწავლა ადგილზე, ყველა რეგიონში საავადმყოფოს ინფრასტრუქტურული მოწყობა და ასევე მნიშვნელოვანია, სამედიცინო პერსონალის ადგილზე არსებობა ისევე, როგორც აპარატურული მხარდაჭერა. დღეისთვის ჩვენ გვაქვს სრული სურათი და ჩვენთან ერთად ჯანდაცვის სექტორმა შეძლო და შეისწავლა ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროა კოვიდინფექციის ეფექტურად მართვისთვის. გვაქვს საშუალება, რომ საჭიროების შემთხვევაში რეგიონის ნებისმიერი საავადმყოფო გამოვყოთ „კოვიდის“ მიმღებ საავადმყოფოდ. ტექნიკურადაც გადაიარაღდა, მაგრამ ეს გადაიარაღება დღესაც მიმდინარეობს, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან გვაქვს საკმაოდ დიდი თანხების მობილიზაციის საშუალება და დღეს მიმდინარეობს შესყიდვების პროცესი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.