ეკატერინე ტიკარაძე - საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლას გააგრძელებს აპლიკაციითაც
საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლას გააგრძელებს აპლიკაციითაც, – საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული აპლიკაცია გატესტილია რამდენიმე ქვეყანაში. ტიკარაძე აცხადებს, რომ სამხრეთ კორეაში აპლიკაციის საშუალებით წარმატებულად იმართა კორონავირუსი, ვინაიდან იქ კონკრეტულად იყო გამოკვეთილი, თუ ვინ იყვნენ საკონტაქტო პირები, რაც ადამიანებს აძლევდა იმის საშუალებას, რომ თავი აერიდებინათ სარისკო კონტაქტებისგან.
„ასევე, დროულად დაეფიქსირებინათ და მიემართათ ექიმისთვის იმ შემთხვევაში, თუ აპლიკაცია უჩვენებდა მათ საეჭვო კონტაქტთან ახლო რადიუსზე ყოფნას. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც „კოვიდთან“ ბრძოლას ასევე გააგრძელებს აპლიკაციით.
აპლიკაციაში ჩართვა და მისი გადმოტვირთვა იქნება ნებაყოფლობით, მაგრამ ვინაიდან „კოვიდთან“ ბრძოლა არის დამოკიდებული და დამყარებული ჩვენს სოციალურ პასუხისმგებლობაზე, ეს სოციალური პასუხისმგებლობა თავისთავად, უნდა იყოს ძალიან მაღალი. ჩვენ პასუხს ვაგებთ, როგორც საკუთარ ჯანმრთელობაზე, ასევე ჩვენს მშობლებზე და ჩვენს შვილებზე.
დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ნებაყოფლობით ჩაერთვება ამ აპლიკაციაში თავისი ოჯახის წევრებისა და საკუთარი თავის უსაფრთხოებისთვის. ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, თუ ჩვენი მოქალაქეების რამხელა ნაწილს შეუძლია, ჩაერთოს ამ აპლიკაციაში. გამოვლინდა, რომ ჩვენ შეგვიძლია სოციალური დისტანცირების და პრევენციის გაზრდა 40 პროცენტამდე. ეს იქნება ძალიან ეფექტური შედეგის მომცემი იმისათვის, რომ ჩვენ აღვკვეთოთ „კოვიდის“ გავრცელება საქართველოში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.