ეკატერინე ტიკარაძე - საღამოს დაგეგმილ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ბაზრობებთან და იმ რეგიონთან დაკავშირებით, სადაც ეპიდსიტუაცია საყურადღებოა
სიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ არა საგანგაშო, – ასე აფასებს საქართველოში დღეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
მისი თქმით, დღეს გამოვლენილი 24 ახალი შემთხვევიდან ორთან მიმართებაში არის დასადგენი კონტაქტები.
„რა თქმა უნდა, სიტუაცია არის საყურადღებო, მაგრამ ეს პროცესი კონტროლდება ჩვენი მხრიდან. 24 ახალი შემთხვევიდან ათი იმ ათ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები არიან, რომელთაც ამ დღეებში დაუდასტურდათ ვირუსი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შვიდი არის იმპორტირებული. 24-ში არის ხუთი მძღოლი და მხოლოდ ორი კონტაქტია, რომელიც საჭიროებს დამატებით კვლევას, ვინ არიან ინფიცირებულთა კონტაქტები. კვლევა უკვე მიმდინარეობს“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, როგორც მინისტრი აცხადებს, იწყება ბაზრობებზე დასაქმებულთა შერჩევითი ტესტირება. დღეს საღამოს დაგეგმილ შეხვედრაზე კი, გადაწყდება, რა ზომები მიიღება ბაზრობებსა და იმ რეგიონებთან დაკავშირებით, სადაც ეპიდსიტუაცია საყურადღებოა.
„უკვე ვიწყებთ ბაზრობებზე დასაქმებული პერსონალის შერჩევით ტესტირებას. ასევე საღამოს გაიმართება შეხვედრა, რომელზეც ვიმსჯელებთ, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ ბაზრობებთან და იმ რეგიონთან დაკავშირებით, სადაც ეპიდსიტუაცია დღესდღეობით საყურადღებოა. მდგომარეობა არის საყურადღებო, თუმცა არა საგანგაშო“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.