ეკატერინე ტიკარაძე - როგორც კი მცირედით მაინც დავარღვევთ მოთხოვნებს, მომენტალურად დავდგებით რისკის წინაშე, რომლის გადავადებასაც ასე ვცდილობდით
როგორც კი ჩვენ მცირედით მაინც დავარღვევთ იმ მოთხოვნებს, რომელიც მოწოდებულია კოვიდინფექციის მართვასთან დაკავშირებით, მომენტალურად დავდგებით იმ რისკის წინაშე და დავიწყებთ იმ პიკის მაჩვენებლებზე საუბარს, რომლის გადავადებასაც ასე ვცდილობდით, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხს გადაცემა „მოამბეში“ განაცხადა.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოქალაქები პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას შეინარჩუნებენ.
„იმისათვის, რომ ჩვენ არსებული მდგომარეობა შევინარჩუნოთ ისე, როგორც არის დღეს, მნიშვნელოვანია, ჩვენი მოსახლეობის ის ქცევა, რომელიც შესწავლილი იყო ბოლო ორი თვის მანძილზე, არავითარ შემთხვევაში არ შეიცვალოს. როგორც კი ჩვენ დავარღვევთ მცირედით მაინც იმ მოთხოვნებს, რომელიც მოწოდებულია კოვიდ ინფექციის მართვასთან დაკავშირებით და ეს არის ჩვენი სოციალური დისტანცირება, ნიღბის მუდმივი ტარება და ნებისმიერი სხვა მოწოდება, რომელსაც ვაცხადებთ ხოლმე, ჩვენ მომენტალურად დავდგებით იმ რისკის წინაშე და დავიწყებთ იმ პიკის მაჩვენებლებზე საუბარს, რომელზეც ორი თვეა ვსაუბრობთ და ასე ვცდილობდით, რომ გადაგვევადებინა.
ვთვლი, რომ მთელმა საქართველომ ამ გადავადებაში შეიტანა წვლილი და მათ გაწიეს დიდი შრომა. აქედან გამომდინარე, მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობით და შესაბამისად, მათი ქცევა დარჩება ისეთი, როგორიც უნდა იყოს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.