ეკატერინე ტიკარაძე - როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა, რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ქუჩაში აქციებს, დროულად მოხდა დამატებითი საწოლების მობილიზება
როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა, რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ქუჩაში გამართულ აქციებს, დროულად მოხდა დამატებითი საწოლების მობილზება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფნიგზე, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა კოვიდსასტუმროებში პაციენტთა მკურნალობაზე.
ამასთან, ტიკარაძის ინფორმაციით, ოქტომბრის თვესთან შედარებით, შემცირდა სტაციონარში დაყოვნების პერიოდი.
„ვცდილობთ, ვმართოთ ნაკადები და ჩვენს ყველა მოქალაქეს გაეწიოს სამედიცინო მომსახურება. ასევე, ვზრუნავთ სასტუმრო სექტორშიც მობილიზაციაზე, სადაც ჩართული გვაქვს სამედიცინო მეთვალყურეობა. ვგულისხმობ არა მხოლოდ ექიმებისა და ექთნების ჯგუფს, არამედ სასტუმროებს ჰყავთ თავიანთი კურატორი კლინიკები, სადაც პაციენტები განსაზღვრულ დროს გადიან შესაბამის კლინიკურ კვლევებს, რის შედეგადაც, მათ ენიშნებათ მკურნალობა. ასევე, სასტუმროებში არის იმის საშუალება, რომ პაციენტებმა, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ სტაბილიზაციის კომპონენტები, რაც გულისხმობს ჟანგბადის კონცენტრატორებით მათთვის ჟანგბადის მიწოდებას.
ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ კლინიკების წარმომადგენლებთან საწოლფონდის ეფექტურ მართვასთან დაკავშირებით. ჩვენ ოქტომბერში საწოლფონდზე საშუალო დაყოვნება გვქონდა 8,52 დღე და ინტენსიურ საწოლზე – 10,25 დღე, ხოლო სამინისტროს აქტიური ჩართულობით, ახლა სტაციონარში დაყოვნება გვაქვს თერაპიულ საწოლზე 5,72 დღე, ხოლო კრიტიკულ საწოლზე 8,59 დღე, რაც ჰოსპიტალში მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას ზრდის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი