ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჟურნალისტების ტესტირება იგეგმება, თუმცა ამისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ახალი ალგორითმი უნდა შემუშავდეს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფო ჟურნალისტების ტესტირებას დამოუკიდებლად ვერ დაიწყებს.
მისი თქმით, ჟურნალისტების ტესტირება იგეგმება, თუმცა ამისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ახალი ალგორითმი უნდა შემუშავდეს.
„რესპუბლიკური საავადმყოფო დამოუკიდებლად ვერ დაიწყებს ჟურნალისტების ტესტირებას, თუმცა ის ინიციატივა, რომელზეც მე ვისაუბრე, სწორედ რესპუბლიკური საავადმყოფოს მხრიდან იყო წამოწყებული. ჩვენ ამ დეტალებზე ვისაუბრებთ უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. შემუშავდება ახალი ალგორითმი და ამ ალგორითმის დამტკიცების შემდეგ, უკვე ესეც ამოქმედდება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა, რომ სწრაფი ტესტის მეშვეობით რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჟურნალისტების ტესტირება დღეს იწყება.
აღინიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო საკუთარი ინიციატივით იმ ჟურნალისტებს ჩაუტარებდა ტესტს, რომლებიც დღეს კლინიკაში გადაღებაზე იმყოფებოდნენ.