ეკატერინე ტიკარაძე - რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს სრული პოტენციალი, საქართველოში ყველაზე წარმატებული კლინიკა გახდეს
რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს სრული პოტენციალი, საქართველოში ყველაზე წარმატებული კლინიკა გახდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამედიცინო ჰოლდინგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ამ ფორმატში პირველი შეხვედრა რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებთან დღეს სამინისტროში გაიმართა, სადაც მინისტრი კლინიკაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს გაეცნო. საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულების განვითარების პერსპექტივებს.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოს როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე შემადგენლობით გააჩნია ძალიან დიდი შესაძლებლობები. მას აქვს სრული პოტენციალი იმისთვის, რომ საქართველოში იყოს ყველაზე წარმატებული საავადმყოფო და ჩვენ მათ გუნდთან ერთად ინტენსიურად ვმუშაობთ შესაბამისი წარმატების ერთობლივად მისაღწევად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეხვედრას რესპუბლიკური საავადმყოფოს მხრიდან კლინიკის დირექტორი ლევან გოფოძე და მისი მოადგილე ადმინისტრაციულ დარგში ირაკლი გვაზავა ესწრებოდნენ.
„დღეს საუბარი შეეხებოდა რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების პერსპექტივებს, რა და როგორ შეიძლება, განვითარდეს ჩვენს კლინიკაში. ბევრი პრობლემური საკითხი დავაყენეთ. ვფიქრობ, რომ ასეთ პირობებში თანამშრომლობა გამოიწვევს ძალიან სერიოზულ ცვლილებებს, რასაც მრავალი წლის განმავლობაში ველოდებოდით. სახელმწიფო კლინიკა განვითარდება და გახდება სრულიად კონკურენტუნარიანი დღევანდელ სამედიცინო ბაზარზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება, ერთი კვირის შემდეგ გვექნება შეხვედრა, სადაც დეტალურად წარმოვადგენთ ჩვენს გეგმას და შეხედულებებს“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეხვედრა გაიმართება ბავშთა ინფექციური საავადმყოფოსა და უნივერსალური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებთან.
სამედიცინო ჰოლდინგმა, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი, ბავშვთა ინფექციური და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოები გაერთიანდა, ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყო ფუნქციონირება. ჰოლდინგი ერთიან კონცეფციაში მოექცევა და სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში იქნება.