ეკატერინე ტიკარაძე - ქვეყანაში „პისიარტესტების“ მარაგი შეძენილია და დეფიციტი არ ფიქსირდება
ქვეყანაში „პისიარტესტების“ მარაგი შეძენილია და დეფიციტი არ ფიქსირდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„პისიარტესტების მარაგი შეძენილია, აქედან გამომდინარე დეფიციტი არ ფიქსირდება. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ მარაგებს და შესყიდვებიც პარალელურ რეჟიმში, გეგმურად მიმდინარეობს“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჟანგბადდამოკიდებულია 23 პაციენტი.
„ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე, სუნთქვის აპარატზეა 23 პაციენტი, რეანიმაციაშია 115 პირი და კრიტიკული მდგომარეობა აღენიშნება 36 მოქალაქეს. აქაც ჩართულია ის ცენტრალური ჯგუფი, რომელიც „კოვიდის“ დაწყებისთანავე მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით. მათი რეკომენდაციების, კონტროლის და მონიტორინგის ქვეშ იმართება ყველა პაციენტი. გარდა ამისა, ამოქმედებული გვაქვს რამდენიმე მექანიზმი, რომელიც გულისხმობს კლინიკურ კონსულტანტს, შესაბამისად, ამ პაციენტების მონიტორინგი ხდება მკაცრად და ზედმიწევნით, ყველა პროტოკოლის დაცვით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
რაც შეეხება საწოლფონდს, მინისტრის ინფორმაციით, მობილიზებულია 3 ათასი საწოლი.
„საწოლფონდის მობილიზაცია ამ ეტაპზე კვლავ რჩება 3 ათასამდე, საიდანაც 1630 საწოლია დამატებული. ახლა, 300-ზე ოდნავ მეტი ადამიანი დაყოვნებულია ტრიაჟში, რომლებიც ელოდებიან დიაგნოსტირებას და ამის შემდეგ იქნებიან გადამისამართებული კლინიკაში, საკარანტინო სასტუმროსა თუ სახლში“, – განაცხადა ტიკარაძემ.