ეკატერინე ტიკარაძე - ქვეყანა შეიძლება, აღმოჩნდეს კატასტროფის წინაშე, თუ მოქალაქეები არ დაიცავენ წესებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ქვეყანა მართლაც შეიძლება, აღმოჩნდეს კატასტროფის წინაშე, თუ მოსახლეობა არ დაიცავს აუცილებელ რეკომენდაციებსა და წესებს.
მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში მთავრობის წევრებისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან გაკეთებული მწვავე და პესიმისტური განცხადებები უკავშირდება არა პრევენციას, არამედ ასახავს რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით.
„ჩვენ აუცილებლად დავდგებით კატასტროფის წინაშე, ვინაიდან ვატყობთ, რომ გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ ჩვენი მოქალაქეები არ იცავენ წესებს იმ ხარისხით, როგორც ეს არის საჭირო. აქედან გამომდინარე, ეს არ წარმოადგენს პრევენციას. ეს წარმოადგენს იმ რეალობის ასახვას, რომლის წინაშეც ჩვენ შეიძლება, სულ მალე დავდგეთ, თუ ამ წესებს არ დავიცავთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.