ეკატერინე ტიკარაძე - პრემიერი გადაწყვეტს, ვიქნები თუ არა მინისტრთა კაბინეტში, ბევრი რეფორმა დავიწყე, რომელიც დასასრულებელია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საკადრო ცვლილებებზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იქნება თუ არა მომავალშიც მინისტრთა კაბინეტის წევრი, ამას პრემიერი გადაწყვეტს.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაში ძალიან ბევრი რეფორმა დაიწყო, რომელიც დასასრულებელია.
„ვიქნები თუ არა მინისტრთა კაბინეტში, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი. მე მაქვს დაწყებული ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც არის დასასრულებელი“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება ლევან იზორიას მიერ დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან წასვლას, ტიკარაძის თქმით, მან გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.
„მან გადაწყვეტილება მიიღო თვითონ და ამის შესახებაც, როგორც ჩემთვის ცნობილია, დილით პრესასთან თავად განაცხადა”,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.