ეკატერინე ტიკარაძე - ნათლად გამოიკვეთა, რომ კორონავირუსით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა
უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კორონავირუსით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დღეის მდგომარეობით 24 საათში დაფიქსირდა ოთხი ახალი შემთხვევა, რის შედეგადაც ქვეყანაში არის ჯამურად 593 დადასტურებული შემთხვევა.
„ამ ეტაპისთვის სტაციონარში მკურნალობას გადის 333 პაციენტი, ხოლო 223 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია და მათ კორონავირუსის ინფექცია აღარ უფიქსირდებათ. მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ლეტალობის რიცხვი არის ცხრა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუშინ გარდაიცვალა ქალბატონი, რომელიც იყო 58 წლის. ჩვენი ექიმები სხვა პაციენტებთან ამ მიმართულებითაც გაცილებით უფრო ყურადღებით იქნებიან, ვინაიდან უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ კორონავირუსის ინფექციით დაღუპულთა ასაკი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.