ეკატერინე ტიკარაძე - მუშაობა მიმდინარეობს სწრაფ, მარტივ ტესტებთან დაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობა ასე ელოდება
მუშაობა მიმდინარეობს სწრაფ, მარტივ ტესტებთან დაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობა ასე ელოდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
„ეს არის ანტისხეულებზე და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი, მარტივი ტესტები. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ კორეას აქვს სწრაფი, ანტიგენზე დამყარებული ტესტი და ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია, ეს ქვეყანაში იყოს. ამაზე მიმდინარეობს სამთავრობო მოლაპარაკება და სულ რამდენიმე დღეში გვექნება კონკრეტული პასუხი თარიღზე, როდის და რა რაოდენობის ტესტი შეიძლება, მიიღოს საქართველომ კორეადან, ვინაიდან დღესდღეობით, რიგში 73 ქვეყანაა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანაა, შეიძლება, მოგვეცეს საშუალება, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გარკვეული რაოდენობის ტესტი წინმსწრებად, უფრო ადრე მივიღოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი ტესტის ვალიდაცია გავლილია და დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან არის დასტური, რომ ამ ტესტის გამოყენება უკვე ფართო მასებში შესაძლებელია, ყველა საეჭვო შემთხვევა მაინც იქნება გადამოწმებული PSR ტექნოლოგიით, რომელიც ჩატარდება როგორც ლუგარის ლაბორატორიაში, ასევე ინფექციურ საავადმყოფოში ქუთაისსა და ბათუმში, იმ მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ ლაბორატორიებში, რომლებიც საქართველოს დღეს გააჩნია.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის ოქროს სტანდარტად ითვლება PSR ტექნოლოგია და ეს PSR ტექნოლოგიაზე დამყარებული ტესტი უკვე შვიდ ლაბორატორიაში კეთდება. შემდეგი არის ტესტები, რომლებიც ასევე არის PSR ტექნოლოგია, მაგრამ ჩვენ ვეძახით როგორც სწრაფ, ასევე დაჩქარებულ ტესტს. მისი სტანდარტი ძალიან მაღალი ხარისხის არის, მაგრამ PSR ტექნოლოგიისგან განსხვავებით, მას 5-6 საათის ნაცვლად მხოლოდ საათნახევარი სჭირდება და ეს საკმაოდ კარგი ეფექტის მომცემია. საქართველოში 50-მდე მსგავსი ლაბორატორიაა და ეს ლაბორატორიული ჯაჭვის გაფართოების საშუალებას მოგვცემს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.