ეკატერინე ტიკარაძე - მოსახლეობისთვის რთული ასახსნელია, მაგრამ საქართველო კორონავირუსით გარდაცვალების საკმაოდ დაბალ მაჩვენებელს ინარჩუნებს
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის გავრცელების აღმავალი ფაზაა.
მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი მაღალი არ არის.
„ჩვენ ვაკეთებთ ანალიზს იმის შესახებ, რა არის ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი და ვიცით, რომ საქართველო დღეს იმყოფება ინფექციის გავრცელების აღმავალ ფაზაში. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი გავრცელება. ლეტალობის მაჩვენებელი არის 0.9 პროცენტი. ეს რთული ასახსნელია მოსახლეობისთვის, როდესაც ჩვენ აბსოლუტურ რიცხვებში ყოველდღიურად ვაცხადებთ ლეტალობის 30-ზე მეტ შემთხვევას, თუმცა ამის ანალიზი კეთდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან. თქვენ იცით, რომ ყოველდღიურად უნდა წარვადგინოთ როგორც ინფიცირების კოეფიციენტი, ასევე ლეტალობის მაჩვენებელი და საქართველო ლეტალობის მხრივ დღეს საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე რჩება, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.