ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ და კერძო სექტორმა შეასრულონ რეგულაციები, რათა არ მივიდეთ მესამე ტალღამდე და არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგიური ვითარების მხრივ მიღწეული შედეგი შენარჩუნდეს.
ამიტომ, ტიკარაძის თქმით, მოსახლეობამ, ასევე კერძო სექტორმა უნდა შეასრულოს რეგულაციები, რათა დამატებითი შეზღუდვების შემოღება საჭირო არ გახდეს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერს, რომ მან კიდევ ერთხელ მოუწოდა და შეახსენა მოსახლეობას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს პირბადებიის გამოყენებას. ჩვენ კავშირი გვაქვს არაერთ სამეცნიერო ინსტიტუტთან, რომლებსაც გააჩნიათ ინსტრუმენტები და ზომავენ ყველა ქვეყანაში პირბადეების გამოყენების მაჩვენებელს.სწორედ ამ ინსტიტუტიდან მიღებული სხვადასხვა ინფორმაციის საფუძველზე გვაქვს შესაძლებლობა, განვსაზღვროთ შემდეგი პროგნოზი, ასევე ვიცოდეთ, რა რაოდენობით და როგორი ინტენსივობით ხდება ქვეყანაში პირბადის მოხმარება, ასევე როგორია ქვეყანაში მობილობა. ამ ინსტრუმენტებზე დაყრდნობით ვიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებებს შემდგომი შეზღუდვების მოხსნის, ასევე დაწესების თაობაზე. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოსახლეობამ, ასევე კერძო სექტორმა, შეასრულონ დაწესებული რეგულაციები, რათა საბოლოო ჯამში არ მივიდეთ მესამე ტალღამდე და არ მოგვიწიოს შემდგომი შეზღუდვების დაწესება“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.