ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია, 112-ში ზარის განხორციელებისას ზუსტად ავსახოთ ჩვენი ჩივილები, აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ, თუ არის ეჭვი კოვიდინფექციაზე და თუ გვაქვს სიცხე
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიიჩნევს, რომ კოვიდინფიცირებულთა პროფესიული ჯგუფის ჭრილში განხილვა სწორი მიდგომა არ არის. ამის შესახებ მინისტრმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მედპერსონალის ინციფიცირების შემთხვევების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთვის, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურისთვის და ყველა კლინიკისთვის, სადაც მოხდა პერსონალის დაინფიცირება, მნიშვნელოვანია, დეტალურად იყოს შესწავლილი, რომელ კომპონენტს ჰქონდა ადგილი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა დეტალი იყო განხილული.
„ინფიცირებული ადამიანის განხილვა, როგორც მისი უკვე პროფესიული ჯგუფის, არ არის სწორი, ვინაიდან „კოვიდინფექციამ“ არ იცის, თუ ვინ არის მისი მსხვერპლი. სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ეს კომპონენტი, გვქონდეს მაღალი სამედიცინო ეთიკა ამასთან დაკავშირებით და არ განვიხლოთ ეს ჯგუფები მსგავსად. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთვის, ასევე გადაუდებელი დახმარების სამსახურისთვის და ყველა იმ კლინიკისთვის, სადაც მოხდა პერსონალის დაინფიცირება, მნიშვნელოვანია, რომ დეტალურად იქნეს შესწავლილი, თუ რომელ კომპონენტს ჰქონდა ამ შემთხვევაში ადგილი, რათა გავითვალისწინოთ როგორც ადამიანური ფაქტორი, ხდებოდა თუ არა მედპერსონალის მიერ ზუსტად შესრულება პროცედურების, ზუსტად იყო თუ არა დაცული პროტოკოლი, რომელიც მოწოდებული არის საქართველოს ტერიტორიაზე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომელიც ეყრდნობა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლებს, ამის მიხედვით არის საქართველოში შემუშავებული ყველა პროტოკოლი. ასევე გატარებულია არაერთი ღონისძიება და ტრენინგი, თუ როგორ უნდა მოხდეს თითოეული პირადი დაცვის საშუალების მოხმარება. განვიხილეთ ეს დეტალები და იკვეთება სხვადასხვა ფაქტორი, როდესაც ხშირ შემთხვევაში, არ ხდება მისამართზე მისვლა იმ იდენტიფიცირებით, რომელიც აუცილებელია, მოხდეს ზარის განხორციელების მომენტში და რეალურად ჩვენ ამ შემთხვევაში ვაყენებთ, როგორც მოქალაქეები. მე ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ როგორც მოქალაქე, მნიშვნელოვანია 112-ში ზარის განხორციელების მომენტში გავითვალისწინოთ და ზუსტად ავსახოთ ის ჩივილები, რომელიც გვაქვს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ასევე აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს, არის თუ არა ეჭვი კოვიდინფექციაზე.
„აუცილებლად უნდა დავაფიქსიროთ, თუ არის ეჭვი, რომ ვართ კოვიდინფექციით დაავადებული და დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ გვაქვს სიცხე. ამ შემთხვევაში, ეკიპაჟი, რა თქმა უნდა, მოახდენს სრულ აღჭურვას, მისამართზე მივა სრულიად უსაფრთხოდ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამაზე ვისაუბრეთ და დაფიქსირდა ჩვენი ექიმების მხრიდან, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც მათთვის არ არის ცნობილი, თუ რა ტიპის პაციენტი ელოდებათ მისამართზე. მნიშვნელოვანია, შემდგომში, როგორც სამინისტრომ, ასევე 112-მა გავაუმჯობესოთ ეს ქმედებები და უფრო მეტად დეტალური კითხვარით გამოვკითხოთ ჩვენი პოტენციური პაციენტები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების გახსნილობა და გამჭვირვალობა, რათა ჯანდაცვის სისტემამ შეძლოს მათი დახმარება და უზრუნველყოს მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება.