ეკატერინე ტიკარაძე - მხოლოდ მკაცრი ღონისძიებებით მთავრობა უძლური იქნება, რომ დავიცვათ საქართველო კორონავირუსის გავრცელებისგან
ეკატერინე ტიკარაძე - მხოლოდ მკაცრი ღონისძიებებით მთავრობა უძლური იქნება, რომ დავიცვათ საქართველო კორონავირუსის გავრცელებისგან

მხოლოდ მკაცრი ღონისძიებების გატარებით მთავრობა უძლური იქნება, რომ დავიცვათ საქართველო კორონავირუსის გავრცელებისგან, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მოქალაქეებმა საკუთარი ბედის გამოცდა არ უნდა დაიწყონ.

„მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა არ დაიწყონ საკუთარი ბედის გამოცდა, არ ჩააყენონ ჩვენი ექიმები იმ რისკის წინაშე, რომ საქართველო გახდეს მეორე იტალია. ყველაფერი დამოკიდებულია სწორი მესიჯების სწორ აღქმაში. თუ საქართველოში არ მოხდება იმ მითითების დაცვა, რომელსაც ჩვენ მოვუწოდებთ, რა თქმა უნდა, საქართველოც გახდება მეორე იტალია. მხოლოდ და მხოლოდ მკაცრი ღონისძიებების გატარებით მთავრობა უძლური იქნება, რომ დავიცვათ საქართველო კორონავირუსის გავრცელებისგან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატით შეიძლება იმართოს, არის ერთდროულად 1 200 პაციენტი.

„ჩვენ გვყავს 256 ინფექციონისტი და 488 რეანიმატოლოგი, მაგრამ აქვე მინდა განვმარტო, რომ ამ რიცხვების აღქმაც ძალიან რთულად ხდება, რადგან ეს ადამიანები გარკვეული ციკლისა და მორიგეობის სტანდარტების მიხედვით ახორციელებენ თავიანთ სამუშაოს. 256 ინფექციონისტი და 488 რეანიმატოლოგი ყოველდღიურ რეჟიმში ვერ იმუშავებს, ვინაიდან ექიმსაც სჭირდება თავისი ძილის ფაზის შესრულება, რათა ის იყოს პროდუქტიული და შეძლოს უსაფრთხოდ მართოს პაციენტი და ქონდეს ის შედეგები, რომელიც დღეს ნათლად აქვთ ჩვენს ექიმებს. თუ ამ რიცხვს ჩვენ გადავიყვანთ საშტატო რიცხვზე, გაცილებით უფრო დაბალია. ის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც საქართველოში ხელოვნური სუნთქვის აპარატით შეიძლება იმართოს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 1 200. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთ ჯერზე დაფიქსირებული 1 200 პაციენტი კლინიკაში დაყოფს მინიმუმ 14 დღეს, რაც ნიშნავს, რომ 14 დღის განმავლობაში წარმოიქმნება კონკრეტული რისკი სხვა პაციენტისთვის თუ მას დასჭირდება ხელოვნური სუნთქვის აპარატით უზრუნველობა. ეს არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს სასუნთქი აპარატები, უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ ადამიანური რესურსის სიმცირე, რომლის შეძენა ნებისმიერ თანხად არის წარმოუდგენელი. ეს პროფესიონალები წლების მანძილზე ყალიბდებიან და საქართველოს დღეს ყავს მხოლოდ იმდენი რეანიმატოლოგი, რა რიცხვიც იქნა დასახელებული. არ მითქვამს, რომ შესაძლოა, შეიქმნას სასუნთქი აპარატების დეფიციტი, ვინაიდან საქართველოს ევროპის ქვეყნების მაჩვენებელთან მიმართებაში აქვს ყველაზე მაღალი რიცხვი სასუნთქი აპარატების. ჩვენ შეიძლება პერსონალთან მიმართებაში შეგვექმნას რისკი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამასთან ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სახელმწიფო ზრუნავს, რათა ქვეყანა უზრუნველყოს ტექნიკურად და მედიკამენტებით.

„რაც შეეხება ტექნიკურ და მედიკამენტოზურ უზრუნველყოფას, სახელმწიფო ამაზე განუწყვეტლივ ზრუნავს. ამ მხრივ გვაქვს საკმარისი მარაგები და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რის შედეგადაც ხდება როგორც პირადი დაცვის საშუალებების, ასევე მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ამ ეტაპისათვის კრიტიკული ზღვარი ამ მხრივ არ აღინიშნება. რაც შეეხება მოხალისეებს, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს არამხოლოდ მოხალისეებთან მუშაობა, ასევე სხვა კლინიკის ექიმების გადამზადებაც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.