ეკატერინე ტიკარაძე მიმართვას ავრცელებს - იმ დროს, როდესაც დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა
ეკატერინე ტიკარაძე მიმართვას ავრცელებს - იმ დროს, როდესაც დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა

დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს, თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდგეთ ექიმების გვერდით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიმართვაშია ნათქვამი.

„საქართველო „კოვიდ-19“-ის მეოთხე ტალღის პიკს გადის. ჯანდაცვის სექტორის მობილიზება მაქსიმალურია, მაგრამ ეს თითოეული მოქალაქის ჩართულობის გარეშე ინფექციის გავრცელებას ვერ შეაჩერებს.

იმ დროს, როცა დღეში 30-ზე მეტი ოჯახი კარგავს დედას, მამას, და-ძმას ან შვილს, დადგენილი წესების დაცვა თითოეული ჩვენგანის მორალური ვალდებულებაა.

მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც უკვე აიცრა ან მალევე მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მადლობა ყველას, ვინც ნიღბის ტარებით და სხვა წესების დაცვით ეხმარება ჩვენს ექიმებსა და ექთნებს, წარმატებით გაიარონ კიდევ ერთი ურთულესი ეტაპი.

დღეს „კოვიდ-19“-ის პანდემიის აღმავალი ტალღა გამოწვევაა, არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. დროა, ყველამ თანაბრად აღვიქვათ პრობლემის სიმწვავე და ვიმოქმედოთ ერთობლივად ჩვენივე სიცოცხლის გადასარჩენად“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

მინისტრი მადლობას უხდის კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ სამედიცინო პერსონალს.

„მადლობა ჩვენს ექიმებს, ექთნებს, სრულიად სამედიცინო პერსონალს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თქვენ ხართ გმირები!

მზად ვარ, როგორც რიგითმა ექიმმა, თქვენთან ერთად დავიკავო ადგილი ამ ღირსეულ ბრძოლაში!

კიდევ ერთხელ ვთხოვ და მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, ყველამ შევასრულოთ მოქალაქეობრივი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ოჯახებისთვის – ჩავიტაროთ ვაქცინაცია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია!

დღეს ჩვენ საერთო მტერი გვყავს. თითოეულმა ჩვენგანმა შევიტანოთ ჩვენი წვლილი „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში და დავდგეთ ექიმების გვერდით!“, – ნათქვამია ეკატერინე ტიკარაძის მიმართვაში.