ეკატერინე ტიკარაძე - მედიკოსები „პლაქვენილს“ იყენებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში და განცხადება, რომ წამლის გამოყენება ხდება მსუბუქ შემთხვევებშიც, სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენების პროტოკოლში ცვლილებები შეტანილი არ არის და ინფორმაცია, თითქოს ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც იყენებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მედიკოსები „პლაქვენილს“ იყენებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.
„პროტოკოლში ცვლილებები შესული არ არის, თუმცა მინდა განვმარტო, რომ ის გამოხმაურება, რომელიც მედიასაშუალებებში არაერთხელ იყო, რომ ჩვენი მედიკოსები იყენებენ ამ მედიკამენტს მსუბუქ შემთხვევებზეც, ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ისინი ამ მედიკამენტს იყენებენ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სრულიად ვიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებასაც და კარგად ვიცნობთ გვერდით მოვლენებს, რაც ამ მედიკამენტს აქვს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.