ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსთან მიმართებაში დამატებითი შეზღუდვები, ამ ეტაპზე არ განიხილება
კორონავირუსთან მიმართებაში დამატებითი შეზღუდვები, ამ ეტაპზე არ განიხილება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ამ ეტაპისთვის, იმ არსებული შუქნიშნის მიხედვით, რომლითაც ხელმძღვანელობს საქართველო, ისევე როგორც სხვა ევროპული ქვეყნები, დამატებითი შეზღუდვა არ განიხილება. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ დავაწესოთ ის შეზღუდვა, რომელიც იქნება უსაფრთხო და საჭირო საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმის ერთ-ერთ ბაზრობაზე კორონავირუსის დაფიქსირების შესახებ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხს ეპიდემიოლოგები გამოიკვლევენ.
„ბაზრობებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს დაწესებული გარკვეული ღონისძიებები და რეგულაციები. რაც შეეხება კონკრეტულად ამ შემთხვევას, რომელსაც მეკითხებით, ალბათ, ბატონი ამირანი გადაამოწმებს ეპიდემიოლოგებთან და ის გაგცემთ კონკრეტულ პასუხს. ჩვენ მივყვებით იმ არსებულ გეგმას, რომელიც დღემდე გაგვაჩნდა, იქნება ეს ბაზრებიდან ამოღებული კონტაქტი, თუ სხვაგან დაინფიცირებული ადამიანი. ეპიდემიოლოგები თავიანთი სქემით განაგრძობენ კონტაქტების დაიდენტიფიცირებას“, – განაცხადა მინისტრმა.