ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც დავთანხმდებით და რომელიც ქვეყანაში შემოვა, აუცილებლად გამოცდილი იქნება
ვაქცინა, რომელსაც ჩვენ დავთანხმდებით და რომელიც ქვეყანაში შემოვა, აუცილებლად გამოცდილი იქნება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„ჩვენ დაველოდებით იმ გარკვეულ პერიოდს, როდესაც უკვე არაერთხელ იქნება გადამოწმებული ვაქცინის სანდოობა და მხოლოდ ამის შემდეგ შევთავაზებთ ჩვენს მოსახლეობას. გადაწყვეტილებას მივიღებთ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს სრულიად უსაფრთხო იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ გადაწყვეტილების პარალელურად ვეცდებით, მაქსიმალურად გავზარდოთ საზოგადოების ინფორმირებულობა იმისთვის, რომ ვაქცინის მიმართ ნდობა გაიზარდოს. შემდეგ უკვე, მცირე ჯგუფებით დავიწყებთ ვაქცინაციას და დარწმუნებული ვარ, მივიღებთ იმ სასურველ შედეგს, რომელსაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებიც ელოდებიან“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ვაქცინაციის პრობლემა არ იყოს და ვირუსის მართვა უფრო მარტივი გახდეს, რადგან საზოგადოებას ტრადიციულად მოჰყვება ახალი ტიპის აცრების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებშიც აისახა.
როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს მოლოდინი, რომ ვაქცინა ოქტომბერ-ნოემბერში იქნება.
„აქედან გამომდინარე, ჩვენს მოსახლეობას არ შევთავაზებთ ისეთ ვაქცინას, რომლის საეჭვოობაც მაღალია. ვაქცინის უნდობლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის დამოკიდებულება პირადად ჩემთვის სრულიად გასაგებია და ასევე, მისაღებიც არის, ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით, რომ იანვრიდან, მას შემდეგ, რაც „კოვიდი“ დაფიქსირდა, ძალიან ბევრი აზრთა სხვადასხვაობაა პრეპარატებზე და ასევე, ვაქცინასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები სამედიცინო სფეროსთვის მოულოდნელი არ ყოფილა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, შემოდგომა-ზამთარში სხვა ტიპის ვირუსების არის და ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული ინდივიდის შემთხვევაში ორი ვაქცინის თანხვედრა არ მოხდეს, რაც მნიშვნელოვნად გაართულებს მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას.
„ჩვენ არა ერთი წელია, მივმართავთ გრიპის ვაქცინას და წელს უკვე მოსახლეობას საშუალებას ვაძლევთ, მათთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ პნევმოკოკის ვაქცინაცია, რაც ევროპის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არაერთი წელია მიმდინარეობს, აქვს ძალიან მაღალი სანდოობა და არის ძალიან მაღალი ეფექტიანობის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.