ეკატერინე ტიკარაძე - კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა ქუთაისის ლაბორატორიამ დაადასტურა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ბოლო ორი ახალი შემთხვევა ქუთაისის ლაბორატორიამ დაადასტურა.
ამის შესახებ მინისტრმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.
„სულ რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის ლაბორატორიამ დაადასტურა კოვიდის კიდევ ორი შემთხვევა. აქედან გამომდინარე, დღეს უკვე გვაქვს 159 დადასტურებული შემთხვევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრი საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევას გამოეხმაურა.
„დღეს მოხდა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი და ჩვენ გვყავს უკვე ერთი გარდაცვლილი. ვთვლით, რომ ყველა ის მითითება, რომელიც არის განხორციელებული და შეთავაზებული და ასევე ყველა ის ქმედება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უკვე განხორციელებულია, ნამდვილად არის უმკაცრესი. აქ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ, რომელსაც აქვს მიღებული ეს მითითებები, უმკაცრესად და ზედმიწევნით შეასრულოს ყველა ჩვენს მიერ დაყენებული მოთხოვნა. რაც გულისხმობს შემდეგს, რომ როდესაც სახელმწიფო მოითხოვს მინიმალურ კონტაქტს და მაქსიმალურ სოციალურ დისტანცირებას, ეს უნდა გაიაზროს ყველა მოქალაქემ და შეასრულოს ისე, როგორც ეს არის ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი და აღწერილი. აქედან გამომდინარე, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჩვენ ეპიდემიასთან ბრძოლაში გავიმარჯვოთ და არ დავმარცხდეთ, ამ ძალიან მნიშვნელოვან ბრძოლაში, რომელიც დღესდღესობით მსოფლიოს პრობლემაა და არა მხოლოდ საქართველოსი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში შესაძლოა, გარდაცვალების ფაქტები კიდევ დაფიქსირდეს და ეს რომ არ მოხდეს, მოსახლეობამ პრევენცული ზომები ზედმიწევნით უნდა დაიცვას.
„გარდაცვალების პირველი შემთხვევა, რა თქმა უნდა, აფხიზლებს ყველას და გვაფხიზლებს ჩვენც. საქართველოც არის ჩართული ამ ბრძოლაში და ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ გარდაცვალება შეიძლება იყოს მხოლოდ სხვა ქვეყანაში. შესაძლოა, გარდაცვალების ფაქტები კიდევ დაფიქსირდეს და იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყოველივე ეს და მივიღოთ უფრო მეტად სერიოზულად, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, ყველა ის ადამიანი, რომელიც 65 წელს ზემოთ არის და ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქვს მრავლობითი ქრონიკული დაავადება, არიან იმ მაღალი რისკ ჯგუფის წარმომადგენლები, სადაც შეიძლება, შედეგი იყოს სავალალო და იყოს ლეტალური. რაც ამძიმებს, რა თქმა უნდა, ჩვენი ექიმების მდგომარეობასაც და ამ ბრძოლაში, ჩვენ არ გვინდა, რომ წავაგოთ, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენ ეს ბრძოლა არ წავაგოთ, ამისათვის, მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა პრევენციული ღონისძიებები, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს, გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან რისკის ქვეშ და მოვახდინოთ მაქსიმალური დისტანცირება, რათა არ მოხდეს ვირუსის ჯაჭვის გავრცელება, რაც მიგვიყვანს უკვე იმ შედეგემაბდე, რომელი შედეგიც უკვე ერთ-ერთი დღეს უკვე დაგვიდგა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა, მათგან 31 გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ერთი პაციენტი.