ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკებისთვის ტარიფების გადახედვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ხშირად პაციენტის გადასახდელი თანხა დადგენილ ტარიფს მნიშვნელოვნად აღემატებოდა
ეკატერინე ტიკარაძე - კლინიკებისთვის ტარიფების გადახედვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ ხშირად პაციენტის გადასახდელი თანხა დადგენილ ტარიფს მნიშვნელოვნად აღემატებოდა

სამინისტროს, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ვალდებულებაა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები რაციონალურად დაიხარჯოს და ეფექტიანად მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა,  ეკატერინე ტიკარაძემ, კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, მინისტრის თქმით, მთავრობის 520-ე დადგენილების ამოქმედება არ ყოფილა მიმართული სახელმწიფო ბიუჯეტისა და ხარჯების დაზოგვისკენ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2012 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების ძირითადი არსი მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისების რაციონალურად, გეოგრაფიული პრინციპის დაცვით და ფინანსური მხარდაჭერით მიწოდებაში მდგომარეობდა. სამინისტროში შესული განცხადებების და ასევე ჩატარებული კვლევების საფუძველზე კი დადგინდა, რომ ფასები, რომლებიც განსაზღვრული იყო სატარიფო სისტემით, არ იყო გამჭვირვალე.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებს რამდენიმე დადგენილებით, რომლის მიხედვითაც სამინისტრო 70, 80, 90 პროცენტიან და სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის – 100 პროცენტიან თანაგადახდას ახორციელებს. გამჭვირვალობის პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ მოსახლეობა ხშირად დგებოდა ფაქტის წინაშე, როდესაც სახელმწიფო დადგენილი ტარიფის 10 პროცენტიანი თანამონაწილეობის პირობებში, აღნიშნული 10 პროცენტი მნიშვნელოვნად აღემატებოდა დადგენილ ტარიფს. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ტარიფების გადახედვა, რათა ეს სისტემა გამჭვირვალე გამხდარიყო, მოსახლეობისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობა შესრულებული ყოფილიყო მაქსიმალური მიახლოებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, განფასების ახალი სისტემის განსახილველად სამინისტროში კლინიკების მხრიდან მიწვეული იყვნენ სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური ხელმძღვანელები. გამომდინარე იქიდან, რომ მუშაობა მიმდინარეობდა სატარიფო მონაცემებზე,  ექიმები მიწვეული არ ყოფილან.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკების ფინანსისტებს არ ჰქონიათ კონტრარგუმენტი, რომლითაც ისინი მოახერხებდნენ და დაიცავდნენ იმ ფასების არაგამჭვირვალობას, რომლებიც რიგი კლინიკების შემთხვევაში სამინისტროსთვის იქნა მიწოდებული.

მინისტრის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სელექტიური კონტრაქტირების კრიტერიუმებზეც და ხარისხის მაჩვენებლებზეც.

„ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, რათა კერძო სექტორს არ შეექმნას პრობლემა პაციენტის მომსახურების კუთხით. სელექტიური კონტრაქტირების პროცესიც მალე დაიწყება და ამოქმედდება შესაბამისი სტანდარტებით. სელექტიურ კონტრაქტებსაც აქვს თავისი გრადაციები, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვიმუშაოთ თანმიმდევრულად. რეგულირების სააგენტო უკვე ოთხ თვეზე მეტია, ახორციელებს სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგს და იძლევა შესაბამის მითითებებს. ჩვენ მათ ვაძლევთ გონივრულ ვადებს, გამოასწორონ დარღვევები. კერძო სექტორს ესაჭიროება დრო, რათა მოხდეს მისი მომზადება იმ რეფორმისთვის, რომელიც დაგეგმილია მომავალი წლის გაზაფხულზე,“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დადგენილება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის კარდიოლოგიური და რეანიმაციული სერვისების ტარიფების გათანაბრებას ითვალისწინებს, დღეს ამოქმედდა. დადგენილებაში ტარიფებიც არის მოცემული.