ეკატერინე ტიკარაძე - კიდევ გვაქვს შანსი, ზომიერი ზრდის დინამიკა შევინარჩუნოთ, მაგრამ დიდწილად მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე ვართ დამოკიდებული
ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ზომიერი ზრდის დინამიკა შევინარჩუნოთ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დიდწილად, ჩვენი მოქალაქეების მაღალ პასუხისმგებლობაზე ვართ დამოკიდებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.
„სხვა კუთხით, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დეტალურად ვმუშაობთ როგორც სხვა კონტაქტების გამოვლენაზე, ასევე სხვადასხვა ანალიტიკური საშუალებებით ყველა იმ პირის შესაძლო კონტაქტის დადგენაზე, ვისაც „კოვიდ 19“-ის დაფიქსირების შემდეგ საზღვრის კვეთა ჰქონდა. მიმდინარეობს ამ პირების მონიტორინგი და დეტალური კვლევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როდის უნდა ველოდოთ პიკის პერიოდს, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სავარაუდოდ, პიკის პერიოდი აპრილის მეორე ნახევარი იქნება.
„ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი ორი კვირის მანძილზე ძალიან პროდუქტიული და ეფექტური მუშაობა, როგორც სახელმწიფოს და სამთავრობო გუნდის, ისე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, რათა ეს პიკი იყოს არა ის კოლოსალური რიცხვები, რომელსაც ექსპერტები ელოდებოდნენ. შეიძლება, მოხდეს მისი გადავადება, ან განახევრება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა მომავალში კორონავირუსთან გამკლავების პროცესში სხვა კლინიკების ჩართვა, რომლებიც „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულ პაციენტებს დღეს არ იღებენ, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ კლინიკების ჩართვა ეტაპობრივად მოხდება.
„სახელმწიფო მუდმივად მუშაობს გარკვეულ შესყიდვებზე. იმ ნუსხაზე, რომელიც ასევე შეჯერებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ შეძენაზე და ეტაპობრივად, ყველა კლინიკა, რომელიც ამ ჯაჭვში ჩაერთვება, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება იმ საჭირო, სათანადო აღჭურვილობით, რომელიც ექიმს უსაფრთხოებისთვის ესაჭიროება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.