ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ამიტომ ვითხოვთ მოქალაქეებისგან დახმარებას, რათა ვირუსი მართვადი გახდეს
პროცესი დღეს იმართება. ჩვენ ვხედავთ, რომ არც სასწრაფოს ბრიგადას არ დაუტოვებია ჯერ არც ერთი ადამიანი ქუჩაში. ყველა გამოძახება არის პასუხგაცემული, მართალია დაგვიანებებით, რადგან მათი გამოძახებები უკვე 50%-ზე მეტით არის გაზრდილი და შესაბამისად, სასწრაფო დახმარების ბრიგადების რაოდენობაში ჩვენ შეზღუდულები ვართ, მაგრამ პრიორიტეტიზაციის პრინციპით ყველანაირად ვცდილობთ, რომ მივიდეთ ბინაზე ყველა პაციენტთან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრის თქმით, ასევე პროცესში ჩართულნი არიან ოჯახის ექიმები.
„ისინი ახდენენ ამ პაციენტების ტრიაჟს უკვე ბინაზე და მიიღება გადაწყვეტილება, სად არიან ეს პაციენტები გადასაყვანები. ასევე, ჩართულია დამატებითი რგოლი ოჯახის ექიმების ჩართულობით და 520-ზე მეტი ოჯახის ექიმი მართავს ამ პროცესს. გარდა ამისა, ყველა ექიმი, რომელიც საქართველოს მასშტაბითაა, თავის პაციენტს მართავს. პირველი ტალღიდან დაწყებული ვამბობთ, რომ საწოლების რესურსიც არის შეზღუდული, ჩვენ ვერ გავუკეთებთ მობილიზაციას იმ საწოლების რაოდენობას, რომელიც ფიზიკურად ან არ გვაქვს, ან რომელ საწოლებსაც ექიმები ვერ მოემსახურებიან. ასეთი საწოლები არსებობს ასევე ბინაში, რომელსაც შეიძლება, ექიმი ვერ მოემსახუროს. ჯანდაცვის სამინისტრო ვერ გააკეთებს იმას, რაც დღევანდელი რესურსით შეუძლებელია“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში სამჯერ მეტი საწოლია მობილიზებული, ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში.
გარდა ამისა, ვინაიდან ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის კრიტიკა, რომ ან დროულად, ან საკმარისად არ მოვემზადეთ, საკმარისი საწოლი არ მოვამზადეთ, გავაკეთეთ ანალიტიკა და შევადარეთ ჩვენ მიერ მობილიზებული საწოლები სხვა ქვეყნებში მობილიზებულ საწოლებს. გამოიკვეთა, რომ ასი ათას მოსახლეზე მობილიზებული გვაქვს დაახლოებით სამჯერ მეტი საწოლი, ვიდრე ეს დასავლეთის ქვეყნებს აქვთ გაკეთებული. ამიტომ, ვთვლი, რომ იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც საქართელოში ჯანდაცვის სამინისტროს და მის ყველა უწყებას შეიძლება ჰქონდეს, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს. ეს არ არის საკმარისი და ამიტომ მოქალაქეებისგან ვითხოვთ დახმარებას და მორჩილებას, რათა ეს ვირუსი გახდეს მართვადი“, – განაცხადა ტიკარაძემ.