ეკატერინე ტიკარაძე - გვაქვს გარანტია, რომ საავადმყოფოებში საწოლების კუთხით დეფიციტი არ გვექნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სისტემა უკვე რამდენიმე თვეა, ემზადება კორონავირუსის ეფექტიანი მართვისთვის.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსებობს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაკადის მართვის სამი ეტაპი.
„თქვენ იცით, რომ არაერთი თვე არის, ვემზადებით ჯანდაცვის სისტემის ყველა რგოლის ჩართულობით, რათა ეფექტურად ვმართოთ კოვიდსისტემა. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სამეტაპიანი მართვა, რაშიც მე ვგულისხმობ, რომ კოვიდპაციენტები, რომლებიც არიან უსიმპტომოები, თვითიზოლაციაში იმყოფებიან და მათზე მონიტორინგს ახორციელებენ ოჯახის ექიმები. არიან პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ იმის საშუალება, იყვნენ თვითიზოლაციაში და ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, გამოიყენონ საკარანტინო სივრცეები და გადიან ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ასევე, ჩვენი საავადმყოფოების მობილიზაცია, რომელიც არის 3000-ზე მეტ საწოლზე გაშლილი, სრულიად საკმარისია იმ მაჩვენებლისთვის, რომელიც დღესდღეობით გვაქვს. ასევე, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ რომელი საავადმყოფო რა ეტაპზე და რა ნიშნულზე ერთვება „კოვიდის“ მართვაში. ჩვენ გვაქვს იმის გარანტია, რომ საწოლების კუთხით დეფიციტი არ გვექნება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.