ეკატერინე ტიკარაძე - გავაძლიერეთ ეპიდემიოლოგთა ჯგუფი, რომელიც დღეს საღამოდან გააქტიურდება კონტაქტების მოძიებისა და მათი იზოლაციის კუთხით
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ კონტაქტების მოძიებისა და მათი იზოლაციის კუთხით უფრო მეტად გავაქტიურდებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
„დღეს გვქონდა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ჩვენი სამომავლო გეგმები და რისი გაუმჯობესება არის მნიშვნელოვანი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ მეტად უფრო გავაქტიურდებით კონტაქტების მოძიებისა და მათი იზოლაციის კუთხით, რაც დღეს საღამოდან დაიწყება. ეს უფრო ეფექტურს გახდის ინფექციის გავრცელების შეკავებას.
კონტაქტების მოძიებას ახორციელებენ როგორც იცით, ეპიდემიოლოგები და ჩვენ გავაძლიერეთ ეპიდემიოლოგების ჯგუფი, რის შედეგადაც მოხდება კონტაქტების მოძიება არაუგვიანეს 24 საათისა. ასევე, ჩვენი გეგმაა, მეტად დავხვეწოთ მოძიების ეფექტურობაში სხვადასხვა პროგრამა და თანამედროვე ტექნოლოგიები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.