ეკატერინე ტიკარაძე - გამოვრიცხავთ, რომ ტესტების ვარგისიანობა საეჭვო იყოს
ეკატერინე ტიკარაძე - გამოვრიცხავთ, რომ ტესტების ვარგისიანობა საეჭვო იყოს

გამოვრიცხავთ იმას, რომ ტესტების ვარგისიანობა შეიძლება, საეჭვო იყოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“ განაცხადა.

„ჩვენ ამას გამოვრიცხავთ, ვინაიდან ტესტები, რომლებიც ჩვენ გვაქვს, საკმაოდ მაღალი რეპუტაციის ქვეყნებიდან და მაღალი რეპუტაციის მწარმოებლებიდან არის. ჩვენ მიმართ არა ერთი საყვედური გაჟღერდა იმის თაობაზე, რომ ტესტების შეძენას ვაგვიანებდით, რაზეც ჩვენი პასუხი თავდაპირველადაც ის იყო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ტესტების ხარისხი და შესაბამისად, ტესტების შესყიდვები არა ერთ ფილტრსა და კონტროლს გადიოდა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად სანდოა სწრაფი და PSR ტესტები, რომლებიც საქართველოს დღეს აქვს, რადგან ტესტების დაბალ ხარისხზე მინიშნებები ისევ კეთდება და ეს საკითხი ბოლო დროს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ საქართველოში დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ერთ-ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებულად ითვლებოდა, მაგრამ კლინიკიდან გაწერის შემდეგ ის დადებითი აღმოჩნდა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ამ ეტაპზეც არის პაციენტი, რომლის სიმპტომური მკურნალობა დასრულებულია, თუმცა, მას სუსტი დადებითი უფიქსირდება.

„ეს პაციენტი აგრძელებს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას. თუმცა, ის ამ ეტაპზე არ საჭიროებს სტაციონარში მეთვალყურეობას. აქედან გამომდინარე, ის გაწერილია, თუმცა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას აქვს სუსტი დადებითი მაჩვენებელი და პაციენტიც ინფორმირებულია. ჩვენ ამ ფაქტს არც უარვყოფთ და არც ვმალავთ. ეს არის მოცემულობა, რომელსაც მეთვალყურეობას ვუწევთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა სამედიცინო პერსონალში უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო გამკაცრება, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდში მათი დაინფიცირების ფაქტები გაიზარდა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების ზომები სრულად არის მოყვანილი იმ საერთაშორისო ნორმებთან თუ სტანდარტებთან, რომელიც ზოგადად არის მოცემული და აქედან გამომდინარე, ზომების კიდევ უფრო გამკაცრება არ იგეგმება.

„თუმცა, გვაქვს საინფორმაციო რგოლები, რომლებიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის პლატფორმაზეა განთავსებული და ამ რგოლებზე ყველა ექიმს მიუწვდება ხელი. ასევე, ჩვენი ინფექციების კონტროლის ჯგუფი სხვადასხვა კლინიკაში, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს ექიმების ადგილზე ინფორმირებას და დამატებით განმარტავს, როგორ უნდა მოხდეს მათი მხრიდან უსაფრთხოების ზომებისა და ნორმების დაცვა. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდულობით ბატონი თენგიზ ცერცვაძე ადგილზე ეცნობა კლინიკებისა და პაციენტების მდგომარეობას, ვინაიდან ის გახლავთ ჩვენი კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. შესაბამისად, თავისი პასუხისმგებლობიდან და ვალდებულებიდან გამომდინარე ის ამ პერიოდულობით სტუმრობს ყველა კლინიკას და პასუხობს ყველა საჭირო კითხვას, რომელიც პაციენტს შეეხება. მას მაღალი კომპეტენცია აქვს და ჩვენს ექიმებს მათთვის საჭირო ყველა კითხვაზე კონსულტაციას უწევს“, – განაცხადა ტიკარაძემ.