ეკატერინე ტიკარაძე - გაძლიერებული გვყავს კლინიკური ჯგუფი, თენგიზ ცერცვაძე, ინეზა სულამანიძე, მარინა ეზუგბაია მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან კლინიკებში და მკურნალობის ხარისხის სტანდარტებს აზუსტებენ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის მაქსიმალურად არის გაძლიერებული კლინიკური ჯგუფი. მისივე თქმით, თენგიზ ცერცვაძე, ინეზა სულამანიძე, მარინა ეზუგბაია მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან კლინიკებში და მკურნალობის ხარისხის სტანდარტებს აზუსტებენ.
„ამ ეტაპისთვის ჩვენ მაქსიმალურად გვყავს გაძლიერებული კლინიკური ჯგუფი. თენგიზ ცერცვაძე, ინეზა სულამანიძე, მარინა ეზუგბაია მუდმივ რეჟიმში იმყოფებიან კლინიკებში, მათ აქვთ გაწერილი სპეციალური გრაფიკი და კვლავ აზუსტებენ მკურნალობის ხარისხის იმ სტანდარტებს, რომელიც არის დადგენილი და პროტოკოლით მოთხოვნილი. მოლოდინი გვაქვს, რომ ლეტალობის მაჩვენებლის გაუმჯობესებას შევძლებთ, რის შედეგადაც არაერთის სიცოცხლე გადარჩება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან, ტიკარაძე ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების კუთხით ბოლო პერიოდში სტაბილიზაცია ფიქსირდება, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებლის კლებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით ნეგატიური მოლოდინი აქვთ.
„ბოლო დღეებში ვირუსის გავრცელების კუთხით სტაბილიზაცია ფიქსირდება, თუმცა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ეტაპისთვის შეიძლება გვქონდეს ლეტალობის კლების ტენდენციის მოლოდინი. ლეტალობის მაჩვენებლის კლებასთან დაკავშირებით შემდგომი ორი კვირის განმავლობაში ჩვენი მოლოდინი ჯერჯერობით ნეგატიურია“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.