ეკატერინე ტიკარაძე - ექიმების შეფასებით, „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაციონარში განთავსების მომენტშივე იყო მძიმე
ეკატერინე ტიკარაძე - ექიმების შეფასებით, „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაციონარში განთავსების მომენტშივე იყო მძიმე

ექიმების შეფასებით, „კოვიდ 19“-ით გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცის მდგომარეობა სტაციონარში განთავსების მომენტშივე იყო მძიმე. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არ აქვს ინფორმაცია ვირუსით გარდაცვლილ 35 წლის მამაკაცზე.

„ასაკობრივ სპექტრთან მიმართებაში არის სტატისტიკა. 80 წელს ზევით მოქალაქეებში ჩვენ გვაქვს 5%-იანი ლეტალობის მაჩვენებელი, 70-დან 80 წლამდე ჩვენ ეს მაჩვენებელი გვაქვს 2,5 %. ახალგაზრდებში სტატისტიკური მაჩვენებელი არის 0,5-0,7%. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, როდესაც ეს ახალგაზრდებში ხდება, ლეტალობის ყოველი შემთხვევა არის ძალიან მტკივნეული.

ამ ორი შემთხვევიდან ერთ შემთხვევაზე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომელიც 29 წლის მოქალაქეს ეხება. ეს ადამიანი 5 დეკემბერს შევიდა სტაციონარში, თუმცა ექიმები აფასებენ, რომ სტაციონარში განთავსების მომენტში მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. ექიმები ეცადნენ რვა დღის განმავლობაში ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ სამწუხაროდ, სასიკეთო შედეგებით ვერ დამთავრდა. 35 წლის მოქალაქეზე ინფორმაციას ჯერ ველოდებით და შემდეგ გავაცნობთ მედიას“, – განაცხადა ტიკარაძემ.