ეკატერინე ტიკარაძე - ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდეს, დარწმუნებული ვართ, ეს მცდელობა შედეგიანი იქნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ექიმები ყველაფერს აკეთებენ.
მისი თქმით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებულ ერთ ბავშვს დადასტურებული აქვს ე.წ. დელტა შტამი, მეორეს ბრიტანული, ხოლო მესამე ბავშვთან დაკავშირებით სამედიცინო მოკვლევა მიმდინარეობს.
„ექიმები აკეთებენ ყველაფერს, რათა კორონავირუსით ინფიცირებული სამივე ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. დარწმუნებული ვართ, ეს მცდელობა იქნება შედეგიანი და მალე ბავშვები გამოჯანმრთელდებიან. ამ ეტაპისთვის შეგვიძლია, დავადასტუროთ, ერთის შემთხვევაში „დელტა“ შტამი, ერთის შემთხვევაში ბრიტანული, ხოლო მესამე ბავშვზე მიმდინარეობს მოკვლევა.
ჩვენთვის საერთაშორისო გამოცდილებიდან ცნობილია, რომ „დელტა“ შტამი ახალგაზრდებში საკმაოდ ინტენსიურად ვრცელდება. რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, ჩვენ გავიზიარებთ საერთაშორისო პრაქტიკას და უახლოეს მომავალში შეიკრიბება კომისია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ზოგადად ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში და ასევე ვაქცინაციის კალენდართან მიმართებაში“, – განაცხადა ტიკარაძემ.