ეკატერინე ტიკარაძე - დღეს არსებული მდგომარეობა არის რამდენიმე კვირის წინ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტი
ეკატერინე ტიკარაძე - დღეს არსებული მდგომარეობა არის რამდენიმე კვირის წინ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტი

დღეს არსებული მდგომარეობა არის რამდენიმე კვირის წინ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში „მოამბე“ განაცხადა.

„კონკრეტული შემაკავებელი ღონისძიებები, რომლებიც ქვეყანაში ტარდება, რა თქმა უნდა, აისახება შემდგომში და შვიდიდან თოთხმეტ დღემდე ინტერვალში, შემაკავებელი ღონისძიებების ეფექტი დადებითად აისახება ვირუსის გავრცელების რიცხოვნობაზე. დღეს არსებული მდგომარეობა არის რამდენიმე კვირის წინ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა მომდევნო კვირების განმავლობაში ეპიდემიის გავრცელების დაბალ მაჩვენებელს, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ დაბალი მაჩვენებლის მოლოდინი არის, თუმცა, მიმდინარეობს ვირუსის გავრცელების დაკვირვება.

„გარკვეულწილად, გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ დღიურად არ შენარჩუნდება ოთხი ინფიცირებული და მატებაც იქნება, მაგრამ არა მკვეთრი მატება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში დღესდღეობით, ვირუსი გაქრა და შემდგომი შემთხვევები არ დაფიქსირდება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეკითხვაზე, დაახლოებით, რა მაჩვენებელს უნდა ველოდოთ კრიზისული, ანუ პიკის პერიოდისთვის, თუ 27 აპრილიდან მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება, დანარჩენი ზომები კი კვლავ ძალაში დარჩება, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დროულად განხორციელებული ზომების შედეგად მოლოდინი არ არის, რომ ინფიცირების რიცხვი 5 000-დან 10 000-მდე იქნება.

„უფრო მეტად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ნებისმიერი პიკის მაჩვენებელს შევძლებთ და ვმართავთ, რომ ის იყოს არა ერთჯერადად მზარდი, არამედ უფრო განსაზღვრული და შევქმნათ პლატო, რაც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს, მიიღოს ყველა პაციენტი, უზრუნველყოს მათი გამოჯანმრთელების უსაფრთხოება და საუკეთესო გამოსავლები“, – განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ჯერ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ ახალი კორონავირუსი საქართველოში, ან სხვა ქვეყნებში სრულად გაქრება.

„მნიშვნელოვანია, თითოეულმა სახელმწიფომ და მოქალაქემ ვისწავლოთ ამ ვირუსთან თანაცხოვრება, რათა ეს პროცესი ვაქცინის და უფრო ეფექტური მკურნალობის გამოგონებამდე სწორად მართული და უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.