ეკატერინე ტიკარაძე - დღეის მდგომარეობით, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება, რადგან ვირუსის გავრცელება კონტროლდება
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ე.წ. მესამეული გადადება არ არის.
„ეს არ არის მესამეული გადადება, ეს არის ცნობილი კლასტერი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
ამასთან, ტიკარაძემ კითხვაზე საპასუხოდ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც ჩეხ ტურისტს კორონავირუსი დაუდასტურდა, იზოლაციაში არიან იმ სასტუმროს თანამშრომლები, სადაც ტურისტი იმყოფებოდა.
„სასტუმროს თანამშრომლები, როგორც მოგახსენეთ, ჩეხი ტურისტის ინფორმაციის შემდეგ იმყოფებიან იზოლაციაში, მათ ჯერ არ აქვთ გამოვლენილი სიმპტომები“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
კითხვაზე, თბილისში არსებული ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელს კორონავირუსი დაუდასტურდა თუ არა, და თუ არიან დაკვირვების ქვეშ სასტუმროს თანამშრომლები, ტიკარაძემ ასე უპასუხა:
„თბილისის სასტუმროს მფლობელი არის ჩვენთვის ერთ-ერთი კლასტერი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და აკონტროლებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
რაც შეეხება პაციენტს, რომელთან დაკავშირებითაც, არსებული ინფორმაციით, არ არის დადგენილი წყარო, თუ ვისგან დაინფიცირდა, ტიკარაძე ამბობს, რომ ვითარება კონტროლდება და საზოგადოებას პანიკის საფუძველი არ აქვს.
„საზოგადოებას არ აქვს პანიკის საფუძველი ამ პაციენტთან დაკავშირებით, ვინაიდან მასთან მიმართებაში სიტუაცია კონტროლირებადია“, – დასძინა ტიკარაძემ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, დამატებითი შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას.
„დღეის მდგომარეობით ეს არ დგას განხილვის საგნად, ვინაიდან იცით, რომ ყველა მოქალაქე, ვისზეც არის ეჭვი, იზოლირებულია და ვირუსის გავრცელება არის კონტროლირებადი, თუმცა გარკვეულ ნიშნულთან მისვლის შემდეგ, შეიძლება, ეს საკითხი განვიხილოთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.