ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენთვის აგრესიული ტესტირება პრიორიტეტია, მაგრამ მის განსახორციელებლად არის კონკრეტული დრო და სივრცე, რომ მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ
ჩვენთვის აგრესიული ტესტირება პრიორიტეტია, მაგრამ მის განსახორციელებლად არის კონკრეტული დრო და სივრცე, რომ მაქსიმალურ ეფექტი მივიღოთ, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, ქვეყანაში ე.წ. აგრესიულ ტესტირება თუ დაიწყება, ხომ არ არის მოსალოდნელი კორონავირუსით ინფიცირებულთა საგრძნობი ზრდა, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის მოსალოდნელი.
„აგრესიული ტესტირების შედეგად რადიკალურ ზრდას ამ ეტაპისთვის არ ველოდებით. როდესაც ალგორითმი შევცვალეთ და გარკვეულ ისეთ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ, როგორიცაა მედპერსონალი, არის პირველი ნაბიჯი აგრესიული ტესტირების დაწყებისკენ, ოღონდ მიზნობრივ ჯგუფებში. ეს ეტაპობრივად გაფართოვდება კლასტერების უფრო დეტალური ამოცნობისთვის და უფრო დეტალური კვლევისთვის“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა კითხვას, სახელმწიფოს პრიორიტეტებში რამდენად მნიშვნელოვანია აგრესიული ტესტირების გამოყენება და საქართველო ჩატარებული ტესტების რაოდენობით მეზობლებს შორის რატომ არის ბოლო ადგილზე. ტიკარაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გეგმური და ზომიერი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ იყოს არა დანახარჯები და არაეფექტურობა, არამედ ქმედებები იყოს ეფექტური.
„ზუსტად უნდა გვქონდეს გამოვლენილი ყველა კლასტერი და ყველა ინფიცირებული. პანდემიასთან ბრძოლას გარკვეული გრადაცია გააჩნია, რასაც ჩვენ ძალიან მკაცრად ვაკვირდებით და ვაკონტროლებთ. ყოველ ნაბიჯზე ალგორითმი და პრიორიტეტი იცვლება. ჩვენთვის აგრესიული ტესტირება არის პრიორიტეტი, მაგრამ მასაც გააჩნია კონკრეტული დრო და სივრცე, სად და როდის უნდა განხორციელდეს იმისათვის, რომ მაქსიმალურ ეფექტი მივიღოთ.
ვადასტურებ, რომ სახელმწიფოსთვის, სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს მოსალოდნელი ზრდა, ეს დაიწყება იმ ალგორითმის შეცვლით, რომელიც დღეს უკვე არსებობს. ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების ყველანაირი რისკის შეზღუდვას, ყველა ეფექტური ინსტრუმენტის ჩართვით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.