ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი თანამემამულეები თვითიზოლაციისა და კარანტინის წესებს თუ დაარღვევენ, არსებობს ძალიან დიდი რისკი, რომ უკვე შიდა გავრცელება მოხდება
მიუხედავად იმისა, რომ საზღვრები ჩაკეტილია, გვყავს ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც კარანტინში იმყოფებიან და შესაბამისად, პირველ რიგში, ველოდებით ამ საკარანტინო ზონებში სიმპტომების გამოვლენას, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.
„ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი რიცხვი, რომელიც დამატებითად მოგვცემს პიკური რიცხვის განსაზღვრის საშუალებას, მაგრამ, სავარაუდოდ, ესეც ეტაპობრივი იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, საიდან ველოდებით შიდა გავრცელების ყველაზე დიდ საფრთხეს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შემდგომი რისკი, რომელიც შეიძლება, დადგეს, არის მხოლოდ და მხოლოდ ის რისკი, თუ თვითიზოლაციაში, ან კარანტინში მყოფი ჩვენი თანამემამულეები წესებს არ დაემორჩილებიან.
„თუ ისინი თვითიზოლაციისა და კარანტინის წესებს დაარღვევენ, ამ შემთხვევაში გვაქვს ძალიან დიდი რისკი, რომ უკვე შიდა გავრცელებები მოხდება. მოქალაქეთა რიცხვი, რომელიც დღეს შიდა იზოლაციასა და კარანტინში იმყოფება, ათასს აღემატება. ათასი მოქალაქის დაუმორჩილებლობა და რისკის შემთხვევაში მათ მიერ გავრცელებული ინფექცია კი, რა თქმა უნდა, უკვე რთული სამართავი იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ჰოსპიტალური სექტორი მზადაა, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შემთხვევაში მომსახურება ყველა პაციენტმა მიიღოს.