ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციები სკოლების, მასწავლებლების, მოსწავლეების ან მშობლების მიმართ, მაგრამ გადაცდომების შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება გვექნება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველამ აიმაღლოს პასუხისმგებლობა და დაიცვას რეკომენდაციები კორონავირუსის გავრცელების საფრთხის ასაცილებლად.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება სკოლების, მასწავლებლების, მოსწავლეების ან მშობლების მიმართ, თუმცა გარკვეული გადაცდომების შემთხვევაში, მყისიერი რეაგირება მოხდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ჩვენ ავიმაღლოთ საკუთარი პასუხისმგებლობა და რეკომენდაციებიც აღმოჩნდეს საკმარისი, რათა ჩვენ სწორად ვითანამშრომლოთ და ვისწავლოთ კოვიდთან თანაცხოვრება. რა თქმა უნდა, ამ ეტაპისთვის ეს ყველაფერი არის სარეკომენდაციო ხასიათის, ვინაიდან ჩვენი მიზანი არ არის საჯარიმო სანქციების განხორციელება არც სკოლებზე, არც მასწავლებლებზე, არც მოსწავლეებსა და მშობლებზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა გარკვეული გადაცდომები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება, რათა გვქონდეს საუკეთესო გამოსავალი და ჩვენი ბავშვები უსაფრთხო გარემოში აგრძელებდნენ სწავლას. რაც შეეხება რეაგირებას, რეაგირება იქნება შემდეგი, რომ საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაიხურება სკოლა, ყველა სანიტარული ნორმა გადაიხედება და აღსრულდება. მათ გაეცემათ დამატებითი რეკომენდაციები, ასევე, ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები. შემდეგ მიეცემათ უკვე სწავლის განახლების საშუალება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.