ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენი ექიმების შრომამ შედეგი გამოიღო, რვა პაციენტის გამოჯანმრთელება ძალიან სასიხარულოა, ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ უკვე თვითიზოლაციაში იქნებიან
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ რვა პაციენტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაწერის მიუხედავად, ისინი თვითიზოლაციაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იქნებიან.
„ნამდვილად, დღეს ჩვენი ექიმების შრომამ გამოიღო შედეგი და ეს ძალიან სასიხარულო ამბავია როგორც ჩვენთვის, ასევე მოქალაქეებისთვის. რვა პაციენტი არის უკვე გამოჯანმრთელებული, რომლებიც დღეს გაეწერებიან სახლში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი, რა თქმა უნდა, როგორც მითითებული არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებში, კიდევ იქნებიან ექიმების დაკვირვების ქვეშ უკვე თვითიზოლაციაში“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტიკარაძე ამბობს, რომ დღის ბოლოსთვის დამატებით სამ ინფიცირებულ პაციენტზე ელოდებიან პასუხებს.
„დღეს, დღის ბოლოს კიდევ ველოდებით დამატებით სამ პაციენტზე ინფორმაციას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ პაციენტებსაც, როგორც გამოჯანმრთელებულებს, სახლში გავწერთ“ ,- განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სტაციონარში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტი იმყოფება, რომელთა მდგომაროებაც სტაბილურია.
„დადასტურებული კორონავირუსი მათზე არ არის, მაგრამ გარკვეული სიმპტომებიდან გამომდინარე, მათზე მიმდინარეობს ექიმების დაკვირვება. ასევე ჩვენ გვყავს კარანტინში მოთავსებული ჩვენი მოქალაქეები და მათი რიცხვი არის 3 500-მდე. არც მათ არ აქვთ ამ ეტაპისთვის არანაირი სიმპტომი, მათზეც მიმდინარეობს ეპიდემიოლოგების დაკვირვება“ ,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.