ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ უკვე ვიყავით იმ ზღვარზე, რომ განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა
ჩვენ უკვე ვიყავით იმ ზღვარზე, რომ განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“.
„ამ ეტაპზე მარნეულში თერმოსკრინინგი ეფექტური ინსტრუმენტი არ იქნება, რათა გუშინდელი მოვლენის შედეგები გამოვლინდეს. ეს არ არის კარგი ფაქტი. ჩვენ უკვე ვიყავით იმ ზღვარზე, რომ განიხილებოდა მარნეულისა და ბოლნისის ეტაპობრივი გახსნა, მაგრამ ამ კონკრეტული მოვლენიდან გამომდინარე ვგეგმავთ, რა ღონისძიებების ჩატარება შეიძლება მარნეულში. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინდელი მოვლენის გამო იქ ეპიდსიტუაცია უკვე კვლავ რისკის ქვეშ დადგა, შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ ჩატარდეს თერმოსკრინინგი და დამატებითი ტესტირებები“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამ განცხადებით ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ბოლო ორი დღის მოვლენებიდან გამომდინარე იგეგმება თუ არა მარნეულში მაგალითად, განმეორებითი თერმოსკრინინგის ჩატარება.
შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მარნეულის გახსნის თარიღმა დიდი ხნით გადაიწია, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ დიდი ხნით არა, მაგრამ რაიონი გარკვეულწილად, უკვე საჭიროებს ხელახალ მონიტორინგს.