ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ უკვე ვიცით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი არ იქნება ისეთი დიდი, როგორი მოლოდინიც გვქონდა აპრილის ბოლოსთვის
ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენ უკვე ვიცით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი არ იქნება ისეთი დიდი, როგორი მოლოდინიც გვქონდა აპრილის ბოლოსთვის

აპრილის ბოლოსთვის ვსაუბრობდით რამდენიმე ასეული პაციენტის დაინფიცირებაზე ერთ დღეში, დღეს ეს პროცესი მართვადია და ვთვლით, რომ ჩვენი მონაცემები კვლავ დარჩება მხოლოდ ათეულობის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, მზადყოფნა არის იმისთვის, რომ მაისის შუა რიცხვებისთვის შესაძლოა, იყოს გარკვეული ზრდა.

„ყოველ დღე ვაკვირდებით მონაცემებს, თუ როგორ ვრცელდება ვირუსი რეალურ დროში და რა არის მისი გავრცელების კოეფიციენტი. ამ ეტაპზე, ეს კოეფიციენტი არის ერთზე დაბალი, რაც იმის ვარაუდს გვაძლევს, რომ შემდეგი კვირის მანძილზე მოლოდინი ძალიან მკვეთრი ცვლილების არ გვაქვს, თუმცა გარკვეული გარემოებები არსებობს, რის შემდეგადაც ჩვენ ჯერ კიდევ ვართ მზადყოფნაში, რათა მაისის შუა რიცხვებისთვის გვქონდეს გარკვეული ზრდა და ჩვენი მზადყოფნა იმაში გამოიხატება, რომ მობილიზებულია სრულიად ჰოსპიტალური სექტორი, თუმცა ამავდროულად, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ეს რიცხვი არ იქნება ისეთი დიდი, როგორი მოლოდინიც გვქონდა აპრილის ბოლოსთვის. თქვენ იცით, რომ ჩვენ აპრილის ბოლოსთვის ვსაუბრობდით რამდენიმე ასეული პაციენტის დაინფიცირებაზე ერთ დღეში, დღეს ეს პროცესი მართვადია და ვთვლით, რომ ჩვენი მონაცემები კვლავ დარჩება მხოლოდ ათეულობის ფარგლებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, დღეისთვის 4000-დან 5000-მდე პაციენტის მოლოდინი მოხსნილია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია დაკვირვება.

„დღეს ვირუსის გავრცელების კოეფიციენტი არის ერთზე დაბალი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ თითქმის მტკიცებულებებით ვთქვათ, რომ 4-დან 5 ათასამდე პაციენტი კონკრეტულად 9 მაისისთვის არ გვეყოლება“, – განაცხადა ეკატარინე ტიკარაძემ.