ეკატერინე ტიკარაძე - ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვა გამოწვეული იყო აუცილებლობით და ის არ უკავშირდება ეკლესიას
ავტომანქანებით გადაადგილებასთან დაკავშირებით ზომების გამკაცრება გამოწვეული იყო აუცილებლობით და ის არანაირად არ უკავშირდება ეკლესიას, – განაცხადა ბათუმში მყოფმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
„თუ ჩვენ დავაკვირდებით ჩვენი ტაძრების გეოგრაფიას, განაწილებას, საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, დავინახავთ, რომ მანქანების გადაადგილება ვერ შეაფერხებს ტაძარში მისვლას. შესაბამისად, ამ ორ ფაქტს შორის არანაირი კავშირი არ არის. ეს არის გამკაცრებული ღონისძიება, რათა ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ დავანახოთ, რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება და დავრჩეთ სახლში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა სანიმუშო უწოდა ბათუმ-ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებას, აღდგომის ღამეს დილის 07:00 საათამდე ტაძრებში ლიტურგიის მრევლის გარეშე ჩატარების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ ამ მაგალითს სხვა მღვდელთმთავრებიც მიბაძავენ.
„აჭარაში თქვენ გაქვთ საუკეთესო მაგალითი, როდესაც თქვენმა მღვდელთმთავარმა მოუწოდა მრევლს, დარჩენილიყვნენ სახლებში, მოხდებოდა ლოცვის ჩატარება სასულიერო პირების მიერ და ტრანსლირება. დარწმუნებული ვარ, სხვა რეგიონის მღვდელთმთავრებიც მიბაძავენ ამ სანიმუშო მაგალითს და ყველაფერი იქნება ისე, როგორც საჭიროა და რა მოწოდებებიც არის მთავრობის მხრიდან გაკეთებული“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.