ეკატერინე ტიკარაძე - მომდევნო ორ კვირაში ველოდებით დაინფიცირებულთა ზრდას, ამიტომ ვაცხადებთ უფრო გამკაცრებულ მზაობას და ვემზადებით პაციენტთა მისაღებად
ჩვენ არ გვაქვს პანიკის საფუძველი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვიყოთ ფრთხილად, არ ვიყოთ მობილიზებული, არ გავითვალისწინოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებული რეკომენდაციები, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, აუცილებელია, შესრულდეს ყველა რეკომენდაცია.
„მკაცრად დავიცვათ სოციალური დისტანცირება, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს ექიმებს და გვქონდეს საუკეთესო გამოსავალი. ორი თასამდე ჩვენი მოქალაქე, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა სარისკო ქვეყანაში, არის საკარანტინე ზონებსა და თვითიზოლაციაში. შესაბამისად, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ამ მოქალქეებში ველოდებით რიცხვის ზრდას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენ ვაცხადებთ კიდევ უფრო გამკაცრებულ მზაობას, რათა შემდგომში დამდგარი ფაქტის შემთხვევაში არ გვქონდეს გარკვეული გადაცდომები და შეფერხებები ვირუსის მართვის პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა.