ეკატერინე ტიკარაძე - ამ ეტაპზე კორონავირუსის სამკურნალოდ 611 საწოლია თავისუფალი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით კორონავირუსის სამკურნალოდ საქართველოს მასშტაბით 611 თავისუფალი საწოლია.
როგორც მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მიმდინარეობს საწოლების დამატებით მოძიების პროცესი.
„დღეს ჩვენ გვყავს 4 033 ინფიცირებული, გამოჯანმრთელებული არის 4 061 ადამიანი და გვყავს 39 გარდაცვლილი. საწოლფონდი გამოიყურება შემდეგნაირად-7 103 საწოლი გვაქვს ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით, თუმცა იმ საავადმყოფოებში, სადაც ეს მობილიზაცია არის განხორციელებული სრულად არის გაშლილი 8 241 საწოლი. 6 116 პაციენტი გადის კოვიდმკურნალობას ჰოსპიტალურ სექტორში, 237 პაციენტი არის ტრიაჟის კომპონენტში და ელოდება დადასტურებას კოვიდინფექციისას. 1 167 პაციენტი გვყავს, რომელიც არის ინტენსიურ საწოლზე მოთავსებული, ხოლო 386 პაციენტი გადის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. 611 საწოლი არის ამ ეტაპისთვის საქართველოს მასშტაბით თავისუფალი და რა თქმა უნდა, მიმდინარეობს, როგორც გაწერის პროცესი, ასევე დამატებითი მობილიზაციის პროცესი“, – განაცხადა ტიკარაძემ.