ეკატერინე ტიკარაძე - აგრესიული ტესტირების შედეგად, შსს-ს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუფიქსირდა, თუმცა საგანგაშო არაფერია
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიას ექიმებისა და პოლიციელების აგრესიული ტესტირების შედეგები გააცნო.
ტიკარაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია, რომელთა შემთხვევაშიც ვირუსი დაფიქსირდა, ასევე, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 20-მდე ექიმს.
ამასთან, ტიკარაძე ამბობს, რომ მათ დაავადება ძირითადად უსიმპტომოდ გადაიტანეს.
„ჯარში არ დაფიქსირებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელია, რომელთა შემთხვევაში დაფიქსირდა, თუმცა საგანგაშო არაფერია. არიან ექიმები, ვისაც დაუფიქსირდა, მათი რიცხვი არის 20-მდე. ეს გარკვეულწილად მოსალოდნელიც იყო, სწორედ აქედან გამომდინარე დაიგეგმა ის ალგორითმი, რის მიხედვითაც ხდება ამ ჯგუფების ტესტირება.
ზოგადად, ამ ჯგუფებში სიტუაცია არის კონტროლირებადი. ჩვენ დამატებით ვმუშაობთ უსაფრთხოების ნორმების დანერგვაში, მიმდინარეობს ტრენინგები ყველა ამ ჯგუფში, რათა ისინი იყვნენ უფრო მეტად დაცულები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ ძირითადად აქვთ გადატანილი დაავადება უსიმპტომოდ, რაც ყურადსაღებია და ჩვენთვის სამომავლოდ გასათვალისწინებელია. პრევენციიდან გამომდინარე, ყველა ექიმი, რომელიც იყო აღმოჩენილი, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რომ შემდგომში მათი მხრიდან სხვა ადამიანების დაინფიცირების რისკი არ არსებობს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.