ეკატერინე ტიკარაძე ადასტურებს, რომ ჩეხ ტურისტს კორონავირუსი საქართველოდან გამგზავრების შემდეგ დაუდგინდა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩეხ ტურისტს საქართველოდან გამგზავრების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ტიკარაძემ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, სწორედ აღნიშნული ფაქტი გახდა გარკვეულწილად სამთო კურორტებზე შეზღუდვების დაწესების საფუძველი.
„იქიდან გამომდინარე, რომ პრევენციულ ღონისძიებებს ძალიან დიდი და კარგი ეფექტი აქვს, მივიღეთ გადაწყვეტილება, ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ, რათა თავიდან იქნას აცილებული ყველა ის გართულება, რომელიც მოსალოდნელია და რომელიც დღემდე დაფიქსირდა სხვადასხვა ქვეყანაში. თუ რატომ სამთო კურორტები, ამის მიზეზი ალბათ თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ჩეხ მოქალაქეს, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, როგორც თვითონ ყვება სატელეფონო საუბრისას, 8 მარტს გამოუვლინდა სიმპტომები, გაემგზავრა ჩეხეთში და მისი დიაგნოსტირება მოხდა ჩეხეთის რესპუბლიკაში. ამის შემდეგ მას ჰქონდა კონტაქტი ჩვენს საელჩოსთან ისევე, როგორც სასტუმროების იმ წარმომადგენლებთან, სადაც ის იმყოფებოდა და დაუდასტურდა, რომ აქვს კორონავირუსი. ეს გახდა გარკვეულწილად იმის ბიძგი, რომ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და სამთო კურორტებზეც, ისევე როგორც ყველა სხვა დახურულ სივრცეზე დავაწესებთ შეზღუდვებს“ ,- განაცხადა მინისტრმა.