ეკატერინე ტიკარაძე - აცრების კომპონენტში ახალგაზრდები ლიდერობენ, ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა დაბალია, თუ ეს არ შეიცვალა, კვლავ იქნება ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ აცრების კომპონენტში კვლავ ახალგაზრდები ლიდერობენ, ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა და აქტივობა კი დაბალია.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, თუ არ მოხდება ასაკოვანი ჯგუფების ვაქცინაცია, მაშინ კვლავ იქნება გადატვირთული კლინიკები და ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი.
„ჩვენი მხრიდან მოხდა გაანალიზება როგორც ასაკობრივი, ასევე სქესობრივი ჭრილის ვაქცინაციის და ლეტალობის, აქ ცალსახად კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, თუმცა, რა თქმა უნდა, ვთვლით, რომ ამაში ნამდვილად ახალი არაფერი იყო, რომ 60 წლის ზევით განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა. ეს გვაძლევს საფუძველს იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც არიან 60 წლის ზევით, ინტენსიურად მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ. მამაკაცებში კრიტიკულ ასაკად გამოიკვეთა 70-79 წელი, ხოლო ქალებში 80-90 წელი. აცრების კომპონენტში რაც ძალიან სამწუხაროა, უნდა ვთქვათ, რომ ლიდერობენ ახალგაზრდები. კვლავ დაბალი გაქვს ასაკოვან ჯგუფში ვაქცინაციაზე მოთხოვნა. ვთვლით, რომ თუ ეს პირამიდა არ შეიცვლება ადეკვატურად, არ მივყვებით შარშან დადგენილ იმ ვაქცინაციის კალენდარს, რომელიც განსაზღვრული იყო საერთაშორისო პარტნიორების, ასევე ადგილობრივი ექსპერტების მხრიდან, სხვა შემთხვევაში, ჩვენ სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. დღესდღეობით ასევე გაანალიზებული გვაქვს, თუ რამდენად ამცირებს ჰოსპოტალიზაციას ვაქცინაცია და ერთი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი არის 2,85 პროცენტი, ხოლო ორი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში 2,13 პროცენტი და არავაქცინირებულებში, ოღონდ კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ სწორედ იმ ასაკში, რაც დავასახელე, 60 წლის ზევით ჰოსპიტალიზაციის რისკი არის თითქმის 95 პროცენტი. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს საფუძველს, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ, კვლავ მოვუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, ამ ასაკის მოქალაქეებს, რომ ინტენსიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა.